მშობლების საყურადღებოდ!

19 იან

რა აცრები უნდა ჩაუტარდეთ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე?

ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო, ზოგი ბაღში მიდის, ზოგიც _ სკოლაში. ბავშვი კი ინფექციით ყველაზე ხშირად სწორედ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ავადდება. სპეციალისტები კი პრევენციის საუკეთესო ზომად აცრას გვირჩევენ. რა აცრები უნდა ჰქონდეს ჩატარებული ბავშვს სკოლასა და საბავშვო ბაღში მისვლისას, ამაზე `ვერსიას~ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მაია ბუწაშვილი ესაუბრა.

_ `იმუნიზაცია მედიცინისა და ბიოლოგიის უდიდესი მონაპოვარია. ვაქცინების შექმნით მილიონობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა. უპატიებელ შეცდომას უშვებენ მშობლები და ექიმები, თავს რომ იკავებენ ვაქცინაციისგან. არადა, ამის შემთხვევები ხშირია. მშობლებს გვერდითი მოვლენების ეშინიათ, თუმცა ვერც ერთი გვერდითი მოვლენა ვერ გადასწონის ვაქცინაციის სარგებელს. იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვის აცრისგან თავი უნდა შევიკავოთ, როგორც წესი, ეს არის გაზვიადებული, არასწორი შიში პედიატრისა და მშობლის. საბედნიეროდ, საქართველოში ვაქცინები გვაქვს და იგი 14 წლამდე მოზარდებისთვის უფასოა. ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ პერიოდში, როდესაც ბავშვები სკოლასა და საბავშვო ბაღებში უნდა წავიდნენ, კონტაქტი აქვთ სხვა ბავშვებთან და გადამდები ინფექციები მატულობს.

_ სტატისტიკა როგორია?

_ რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გვაქვს, მაგრამ საშუალოდ, ეს არის 90%. სამწუხაროდ, ბავშვების 10% აუცრელი რჩება. მთიან რეგიონებში ცოტა უფრო მეტი ჩავარდნაა.

_ რა დაავადების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვი აიცრას?

_ მაღალი სიცხისა და ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების არსებობის დროს.

_ რისგან იცავს ბავშვს ვაქცინაცია?

_ ბევრი დაავადებისგან, განსაკუთრებით საშიშია პოლიომელიტი, რომელიც მივიწყებული დაავადება გვეგონა. ამ დროს კი, შუა აზიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში წელს აფეთქება იყო. პოლიომელიტის 300 შემთხვევა, მარტო ტაჯიკეთში დაფიქსირდა. ეს არის უმძიმესი დაავადება, ამიტომაც განსაკუთრებით პოლიომელიტის ვაქცინაციას უნდა გადახედონ მშობლებმა და ბავშვები აცრან. ასევე ბავშვები უნდა აიცრან: ყბაყურა, ყივანახველა, დიფტერია, ტეტანუსი, წითელა, წითურა და `ბ~ ჰეპატიტ-ზე. ეს უკანასკნელიც ძალიან სერიოზული დაავადებაა და დღეს ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში. ვაქცინაციის შემთხვევაში, მისი პროფილაქტიკა უმარტივესია.

_ ანუ, შესაძლოა, პოლიომელიტი საქართველოსაც ესტუმროს?

_ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუკი ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია, რა უშლის ხელს, საქართველოშიც შემოაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა აცრილი ქნება, პოლიომელიტი არ გავრცელდება. არადა, ეს არის დაავადება, რომელსაც შეუძლია, უმძიმესი ნევროლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს და ადამიანი უნარშეზღუდული დატოვოს.

_ იქნებ განგვიმარტოთ, ეს ინფექციები ჯანმრთელობის რა პრობლემებს გამოიწვევს აუცრელ ბავშვებში?

_ წითელა აუცრელ ბავშვებში შეიძლება მძიმედ წავიდეს და თავის ტვინის ძალიან მძიმე გართულებები განვითარდეს; ყბაყურა საშიშია მამრობითი სქესის ბავშვებისთვის, რადგან გართულების შემთხვევაში, შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს; წითურა მსუბუქი დაავადებაა, მაგრამ თუ ქალი დაორსულებას აპირებს და ეს დაავადება გადატანილი არ აქვს, გარანტირებულად აცრილი უნდა იყოს. ორსულის წითურა ძალიან მძიმე პრობლემაა. თუ ორსულს ეს ინფექცია დაემართა, ბავშვი შეიძლება წითურათი დაიბადოს და შეიძლება გულის მანკი, სიყრუე ან სიბრმავეც კი ჰქონდეს.

_ რაზე უნდა აიცრას ბავშვი სკოლაში მისვლამდე და როდის?

_ იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, პირველი აცრები 18 თვის ასაკამდე უნდა ჩატარდეს. მერე 5-დან 6 წლის ასაკამდე და ბოლოს 14 წლის ასაკში ხდება რევაქცინაცია _ წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერია, ტეტანუსზე.

_ თუ ბავშვს იმუნიზაციის კალედრის მიხედვით არ ჩაუტარდა აცრები, შესაძლებელია, ეს აცრები ახლა გაუკეთდეს?

_ რასაკვირველია, თუ ბავშვი აცრილი არ არის, აუცილებელია ნებისმიერ დროს დაიწყოს ვაქცინაცია. თუმცა `ბ~ ჰეპატიტზე სასურველია, ყველა აიცრას, ვინც აცრილი არ არის, ვინაიდან ადრე არ ხდებოდა ამ ვაქცინის გაკეთება და ამიტომ სასურველია, ყველა ასაკის ადამიანი აიცრას. თუ აცრილი ბავშვი რომელიმე ინფექციით დაავადდა, ავადმყოფობას მსუბუქად გადაიტანს. ლეტალური შედეგი არამც და არამც, არ იქნება~.

ნინო ხარშილაძე

წყარო : გაზეთი ვერსია

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/724-2011-09-21-12-43-07.html

 

 

დატოვე კომენტარი