65 წელს გადაცილებულ მძღოლებს ავტობუსებისა და ,,მარშრუტკების” მართვას უკრძალავენ!

19 Jan

ვის შეეხება ცვლილებები კანონში და რა შეზღუდვები დაწესდება მძღოლებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე

მგზავრობის ღირებულებით დაზაფრულ მძღოლებსა და მგზავრებს ახალი სადარდებელი გაუჩნდათ _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ავტომობილის მართვის უფლებას ჩამოართმევს. არადა, არც 65 წელია ისეთი ასაკი, ჯანმრთელმა ადამიანმა მანქანის მართვა რომ ვერ შეძლოს და თანაც, საპენსიო ასაკის ბევრი ადამიანისთვის ტაქსის მძღოლობა ერთადერთი საარსებო წყაროა. მძღოლებს ამ ინფორმაციის სხვადასხგვარი ვერსია აქვთ, თუმცა, იმასაც ამბობენ, რას გაუგებ ამ მთავრობას, ხვალ და ზეგ, ჩვენს საწვალებლად, ყველაფერი შეიძლება მოიფიქროსო. ,,ვერსია” ჯერ თავად მძღოლებს ესაუბრა.

თენგიზი, მძღოლი: ,,ახლა ჩვენც დაგვერევიან, რა უნდათ, რით ვერ მოგვინელა ამ მთავრობამ. თუ ასაკში შესული ხალხი უვარგისები, საბჭოთა გადმონაშთები ვართ და ჩვენი ამოწყვეტა უნდა სააკაშვილს, რა, მისი მშობლები საბჭოთა მოქალაქეები არ იყვნენ?! მაშინ ადგეს და ჯერ ისინი გაწყვიტოს და მერე ჩვენც ზედ მიგვაყოლოს. ხალხს ლუკმაპურს პირიდან გვართმევენ. სამსახურები ჩვენთვის არ Aარის და არაფერი. ახლა თუ ახალგაზრდა, სიმპათიური, განათლებული და სამი ენის მცოდნე არ ხარ, ვის რაში სჭირდები?! პროფესორი კაცია ჩემი მეგობარი და ჩემსავით ტაქსზე ზის, დახურეს კვლევითი ინსტიტუტები; ხალხი ქუჩაში გამოგვყარეს და აბა, რა უნდა გვექნა?! პენსიით მიშამ იცხოვროს და მერე მითხრას, პენსიით იარსებეო. სულაც არ მეხალისება 72 წლის კაცს, დილის 56 საათზე გამოსვლა და ტაქსაობა, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ მაქვს, რა ვქნა? მგზავრის გადასაწყვეტია, მენდობა თუ არა. რახან მანქანაში მიჯდება, ესე იგი, მენდობა. სად ჩვენი გამოცდილება და სად ახალგაზრდების. ზოგი ნარკომანია და ზოგი მანიაკი. სჯობს, იმათ მიხედონ”. რეზო, ,,სამარშრუტო” ტაქსის მძღოლი: ,,ესე იგი, ერთ წელიწადში სახლში უნდა გამიშვან? რა მივუტანო მერე ბაღნებს?! რა დავაშავეთ ასეთი, რომ ეს მთავრობა ყველანაირად წიხლს გვაჭერს?! ასეთი მიდგომა არასწორია, იმათ მიხედონ ნარკომანები რომ უზით ავტობუსებსა და ,,სამარშრუტო” ტაქსებზე, პატიოსან ხალხს თავი დაგვანებონ. ასაკი რა შუაშია, მაინც არ მესმის. ავარიებს, ძირითადად, ახალგაზრდები ახდენენ და ჩვენთან რა უნდათ? მსგავს კანონებს რომ წერენ, ჯერ სტატისტიკას მაინც შეხედონ. საქმე გამოელიათ და აღარ იციან, ვინ გაამწარონ. ეს პირველი ეტაპია. ჯერ ჩვენ მოგვადგებიან, მერე კერძო ტაქსის მძღოლებს, ბოლოს _ კერძო მანქანის მძღოლებსაც გადმოსვამენ მანქანიდან. იტყვიან, ახალგაზრდების ავარიების მიზეზი თქვენ ხართ, ვერ დადიხართ წესიერად და საავარიო სიტუაციას ქმნითო. ერთი იმ კაცის ტვინის უჯრედებში ჩამახედა, ვინც მსგავს კანონებს წერს და იღებს”. რომა, კერძო ტაქსის მძღოლი: _ რაღაც მსგავსი მეც გავიგე, მაგრამ მე მაგათი არ მჯერა. ამბობენ, მარტო ავტობუსისა და ,,მარშრუტკის” მძღოლებს შეეხებათო, მაგრამ ჩვენზეც გაავრცელებენ მაგ კანონს. გვეტყვიან, მგზავრები თქვენც ხომ გადაგყავთო. არადა, ამ უმუშევარ და გაღატაკებულ ქვეყანაში, ეს ჩვენთვის საარსებო საშუალებაა. ამასაც გვაცლიან”. შეესაბამება თუ არა სიმართლეს საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია და, რეალურად, რა ცვლილება შეიძლება შევიდეს კანონში, ამის გასარკვევად ,,ვერსია” სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ექსპერტს, დავით მესხიშვილს დაუკავშირდა: _ ,,ეკონომიკის სამინისტროს დავალებითა და ხელმძღვანელობით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, გარკვეულწილად, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უნდა მოხდეს იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც მგზავრები გადაჰყავთ. სამგზავროსატრანსპორტო საშუალების ასაკი 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ვინაიდან, ხანდაზმული ავტომობილები ამორტიზებული ხდება. ეს საერთაშორისო სტანდარტია. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ ეხება, კერძო ავტომობილებსა და ტაქსებს. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც მგზავრები გადაჰყავთ. ამ მხრივ, კანონი უნდა გამკაცრდეს, ვინაიდან ბოლო პერიოდში მომრავლებული ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, მსხვერპლი ძალიან საგანგაშოა.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 65 წელს გადაცილებულ მძღოლებს ავტომობილის მართვის უფლება აღარ ექნებათ.
_ მძღოლს, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები, საპენსიო ასაკამდე უნდა იმუშაოს. რასაკვირველია, მძღოლი გამოცდილი უნდა იყოს, მაგრამ საპენსიო ასაკის ადამიანებს მომატებული დაღლილობა და მხედველობის პრობლემები ახასიათებთ. ასევე, თავს იჩენს ხოლმე ბევრი დაავადება. ვფიქრობთ, გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
_ ანუ, ეს შეზღუდვა ყველა მძღოლზე ვრცელდება?
_ არა. მხოლოდ და მხოლოდ, ავტობუსისა და ,,სამარშრუტო” ტაქსის მძღოლებზე.
_ სპეციალისტები ამბობენ, რომ სჯობს, მძღოლის ჯანმრთელობა შემოწმდეს, ვიდრე ასაკობრივი ცენზი დაწესდეს.
_ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომელ წლამდე აქვს უფლება ადამიანს მძღოლად იმუშაოს. ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაშიც ნელნელა საერთაშორისო სტანდარტები უნდა დავნერგოთ.
_ თუ არსებობს სტატისტიკა, ავარიები ახალგაზრდა მძღოლებს უფრო მოსდით თუ ასაკოვანთ?
_ ამის სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს. თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი ამორტიზირებული ტრანსპორტია”. საინტერესოა, რამდენად მიზანშეწონილია მძოლებისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესება და არის თუ არა 65 წელი ის ასაკი, როცა ადამიანის საჭესთან ჯდომა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. პროფესიულ დაავადებათა სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიოლოგი ოთარ მაჩაბელი აცხადებს, რომ ტრანსპორტის მართვა მექანიკური სამუშაოა, რომელიც წლების მანძილზე აქვს ადამიანს გამომუშავებული, ამიტომაც ასაკი აქ არაფერ შუაშია: _ ,,თუ ადამიანს სამედიცინო უკუჩვენება არ აქვს და Uამის დამადასტურებელ ცნობას წარმოადგენს, მას შეუძლია მძღოლად მუშაობა. ასაკობრივი ცენზის დაწესებას არ ვეთანხმები. გასაგებია, ადამიანი ასაკში რომ შედის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იცვლება. სმენა, რეაქციები, მხედველობა და აზროვნება ქვეითდება, მაგრამ ასაკობრივი ცენზი არაფერ შუაშია. ტრანსპორტის მართვა მექანიკური სამუშაოა, რომელიც გამომუშავებული აქვს წლების მანძილზე, ამიტომაც ასაკობრივი ცენზის დაწესება არასწორია. სჯობს, ეს საქმე სამედიცინო კომისიას მივანდოთ.
_ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს რა დაავადებები შეიძლება ჰქონდეთ?
_ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები, რაც უეცარ ძილს იწვევს, მხედველობა, სმენა და რეაქციები ქვეითდება. ეს დაავადებები სავსებით შესაძლებელია, 4050 წლის ადამიანსაც ჰქონდეს, ამიტომაც აუცილებელია, მძღოლების სამედიცინო შემოწმება და არა ასაკობრივი ცენზის დაწესება. სპეციალურმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს მძღოლის პროფესიული ვარგისიანობა”. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიეროკვლევითი ცენტრის დირექტორი გია ბაგრაძე აცხადებს, რომ არ არსებობს სტატისტიკა, რა რაოდენობის ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოახინა 65 წლამდე ასაკის მძღოლმა და რამდენი _ 65 წლის ზემოთ: _ ,,რასაკვირველია, როცა ადამიანი ასაკში შედის, წნევა, მხედველობა, სმენა, რეაქცია და გული გასინჯვას ექვემდებარება, მაგრამ მარტო ასაკით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა არ შეიძლება. ყველა მძღოლის სამედიცინო მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ასაკოვან ადამიანს, რეაქცია შენელებული აქვს?
_ კი. თუმცა ეს გასინჯვას ექვემდებარება და ყველა მძღოლი ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს. თუმცა აქ ასაკი რა შუაშია, ეს ჩემთვის გაუგებარია. შეიძლება, ადამიანი ახალგაზრდა იყოს და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს.
_ არის თუ არა რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალება 65 წელს გადაცილებულ მძღოლს ვანდოთ?
_ თუ ის ნორმალური და ჯანმრთელია, ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. ორმაგი სტანდარტი არ უნდა არსებობდეს. ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, არ გაამართლებს. ყველა მძღოლის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს, შეუძლია თუ არა მართოს მანქანა”.

ნინო ხარშილაძე

წყარო : გაზეთი ვერსია

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/734-65-.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: