არქივი | საზოგადოება RSS feed for this section

წავა თუ არა ხალხი 27 მაისს დაგეგმილ ,,ქართული ოცნების” აქციაზე?

2 ივლ

პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მხარდამჭერებს 27 მაისს, 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მართალია, აქცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ სახალხო კრებასთან სკანდალის შედეგად, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა _ შეიცვალა შეხვედრის ადგილიც _ ფილარმონია და სტადიონი, თავისუფლების მოედნით _ ღია ცის ქვეშ მხარდამჭერთა შეკრების არგუმენტი კი ისაა, რომ ,,დინამოს” სტადიონი რემონტშია, თანაც 28 ათას კაცზე მეტს არ იტევს, ,,ქართულ ოცნებას” კი ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მხოლოდ თბილისშიც კი.Kკოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საკუთარი პარტიის აქტივი და მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოიყვანონ _ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მხოლოდ თბილისსა და ახლომდებარე რაიონების მოსახლეობაზე ვრცელდებაო.

ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ 27 მაისისთვის დაგეგმილი ,,ქართული ოცნების” აქცია მანიფესტაციით დაიწყება და მასობრივი შეკრებით თავისუფლების მოედანზე დასრულდება. ,,იმის გამო, რომ აქციაზე ადგილი არ ჰქონდეს პროვოკატორების შემოგზავნასა და ზოგადად პროვოკაციებს, ჩვენ მერიას მივმართეთ წერილობითი მოთხოვნით, გამოყონ უფლებამოსილი პირები, რომლებიც ჩვენ მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან _ ზვიად ძიძიგურთან ერთად დააკვირდება აქციის მიმდინარეობას. პროვოკაციული სიტუაციის შემთხვევაში, ჩვენ მას ვთხოვთ, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე”, _ მოითხოვა მერიის ზედამხედველის გამოგზავნა ზაქარია ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ მერია მიცემულ ვადაში, ალბათ, არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, პარტია დაჟინებით შეეცდება, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. საინტერესო იდეაა, თუმცა თუ ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობა უნდა, საქმეს ვერც მერიისა და ვერც გუბერნატორის წარმომადგენლების ზედამხედველობა ვერ უშველის. მოკლედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები _ ფაქტია, რომ 12 მაისს განახლებული საქართველოსთვის ლიდერი მინდია გულუა უხმობს დევნილებს ყრილობის ჩასატარებლად, 21 მაისს ნინო ბურჯანაძისა და სახალხო კრების აქციები იწყება, რომელიც მხოლოდ განცხადებით, პარაკლისითა და ერთდღიანი შიმშილობით შემოიფარგლება და 26 მაისს დასრულდება. პარალელურად, ალბათ, ხელისუფლებაც აღლუმს ჩაატარებს, თუმცა ნაციონალების ზეიმის ეპიცენტრი იქნება ქუთაისში, სადაც, დაპირებისამებრ, პარლამენტის ახალი შენობა უნდა გაიხსნას. ვინ გამოუცხადებს სოლიდარობას სახალხო კრებას და მის დაპატიმრებულ წევრებს, მივა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან სამების ტაძარში, ეს ჯერ კიდევ უცნობია. D სანამ პოლიტიკოსები მხარდამჭერებს დღეების მიხედვით თვლით იყოფენ და იმას არკვევენ, გამოუცხადონ თუ არა სოლიდარობა ერთი წლის წინ, ცხვირპირდამტვრეულ ხალხს, რომელიც, ასე უმოწყალოდ გაიმეტეს, ,,ვერსია” მარჯანიშვილის მოედანზე, სულ რაღაც 1 საათით გავიდა და ხალხს გაესაუბრა, აპირებს თუ არა 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე, ,,ქართული ოცნების” მხარდასაჭერად მისვლას… თუმცა, საინტერესოა, რომ უმეტესმა მათგანმა ვინაობის დასახელება არ ისურვა:

53 წლის მამაკაცი: ,,არა, არ წავალ, არ მაინტერესებს აქციები და მიტინგები. ვინც არ უნდა მოვიდეს, ჩემთვის და ჩემისთანა ხალხისთვის მაინც არავინ იქნება, მე მუშა ვიყავი და მუშად დავრჩები. არაფერი არ შეიცვლება. მე მჟანავანაძის დროც გამოვიარე, შევარდნაძის, პატიაშვილისა და სააკაშვილისაც, მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ხალხისთვის არავინ არ იქნება”.

58 წლის ქალბატონი: ,,არა არ წავალ, რა აზრი აქვს, მე მაინც არავინ მომისმენს”.

54 წლის მამაკაცი: ,,რაღა დროს ჩემი აქციაზე სიარულია, სახლში მყავს ოჯახის წევრები, რომლებიც წავლენ”.

45 წლის ქალბატონი: ,,არ წავალ, რა აზრი აქვს. ჩემი მისვლით მაინც ვერაფერს შევცვლი”.

54 წლის ქალბატონი: ,,კი, წავალ, მაინტერესებს, რას გვთავაზობს ახალი პოლიტიკური გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, მე მისი აზრები მაინტერესებს”.

19 წლის მამაკაცი: ,,არ წავალ. მაგისთვის არ მცალია”.

56 წლის მამაკაცი: ,,წავალ, გავიგებ, რა უნდა, რას გვთავაზობს ახალს”.

72 წლის მამაკაცი: ,,არ შემიძლია აქციებზე დგომა, თავის თავს უჩვენოდაც მიხედავენ”. როზა ბაღდასაროვი 65 წლის (მათხოვარი): ,,წავალ, მაინტერესებს, რა შეიცვლება ჩემნაირი ხალხისთვის”. ელენე ტაბატაძე, 30 წლის: ,,არ ვაპირებ მაგ აქციაზე წასვლას, პირველ რიგში, სურვილი არ მაქვს, რომ აქციებზე და მიტინგებზე ვიარო. მეორეც, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მარტო ვერ დავტოვებ, მაგრამ არწასვლის მიზეზი უფრო სურვილის არქონაა”.

22 წლის მამაკაცი: ,,რასთან დაკავშირებითაა ეგ აქცია, წესიერად ეგეც კი არ ვიცი და რა მინდა მიტინგზე, არ წავალ”. ვიტალი ბიბილოვი, 64 წლის: ,,თუ მაგ დღეს არ ვიმუშავე, წავალ. ახალი პოლიტიკური ძალა მოდის და მაინტერესებს, რას გვთავაზობს”. 77 წლის მამაკაცი: ,,ვერ წავალ, სხვა საქმით ვარ დაკავებული და აქციებისთვის არ მცალია”. DA 20 წლის ქალბატონი: ,,არ წავალ. პოლიტიკაში არ ვერევი”. 45 წლის ქალბატონი: ,,არ წავალ, არ მაინტერესებს მაგათი პოლიტიკა, თვითონ მიხედონ თავიანთ საქმეს”. ელიზბარ კირვალიძე, 72 წლის: ,,აქციებზე სიარული მე უკვე აღარ შემიძლია, ორი პარასკევი დამრჩენია ამ ქვეყანაზე, რომც შემეძლოს, მაინც არ წავიდოდი. მე ის ხელისუფალი მომეწონება, ვინც პენსიას მომიმატებს და წამლებს გამიიაფებს, სულ ერთია, ვინ იქნება ქვეყნის მეთაური. ისე, საერთოდ რომ ვთქვათ, მიშა ბევრ კარგ რაღაცებს აკეთებს. აქ ადრე ვერ დაჯდებოდი, ბაზარივით იყო, ახლა მოწესრიგებულია!” აქაურობა და სახლებიც გაალამაზა”.

ნინო ხარშილაძე

http://versia.ge/index.php/2009-04-01-15-18-41/1654–27-.html

 

დევნილთა შეკრება ახალგაზრდების დაპატიმრებით დასრულდა!

2 ივლ

12 მაისს, პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის” ორგანიზებით, თბილისში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და ბათუმში, დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრება გაიმართა. იმავე დღესვე შვეიცარიაში დაფუძნდა ,,დევნილთა საქველმოქმედო ფონდი”, რომელსაც ქართველი, აფხაზი და ოსი ბიზნესმენები დააფინანსებენ. პირველი მსხვილი შენატანი _ 25 მილიონი ამერიკული დოლარი, ფონდის დამფუძნებელმა, სოხუმიდან დევნილმა ბიზნესმენმა მინდია გულუამ შეიტანა და 12 მაისი ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ გამოცხადდა. თბილისში, შეკრება 12 მაისს, დღის 3 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყო, მაგრამ დევნილები იქ ერთი საათით ადრე მივიდნენ. პარლამენტისა და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია ხალხით იყო გადაჭედილი. ახალგაზრდები მზისგან თავს პარტიის დროშით იცავდნენ. სცენაზე იდგა ქართულ ჩოხებში გამოწყობილი გუნდი ,,ალილო”, ქართული ნაციონალური სამოსით შემოსილი გოგონები და აფხაზურდროშიანი მაისურგადაცმული ბიჭები. თუმცა, ამ შეკრებაზე იყვნენ ისეთებიც, რომელთაც, როგორც ჩანს, დროშის ტარად გამოყენებული წყლის პლასტმასის მილების, შინ წასაღებად მოსულიყო. ასეთ ადამიანები ,,ვერსიამ” შეკერების დაწყებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ,,განახლებული საქართველოსთვის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ოძელის განმარტებით: ,,დღევანდელი დღე გამოცხადდება აფხაზთა, ოსთა და ქართველთა შერიგების დღედ. ასევე დაფუძნდება საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ოსებზე, აფხაზებსა და ქართველებზე იზრუნებს. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც პრიორიტეტებს განსაზღვრავს.Pპირველ რიგში, ოსეთთან და აფხაზეთთან უნდა აღდგეს ეკონომიური გაცვლები, ამიტომაც ფონდი დააფინანსებს ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენს ურთიერთობას.Aაუცილებელია, საქართველოს მთავრობის ნებართვა, რომ ფილიალიები გაიხსნას თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში”. პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ჩარკვიანი კი აცხადებს, რომ ,,საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის სათავო ოფისი შვეიცარიაში მეტი დაცულობისთვის განთავსდება, ვინაიდან, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად დაფუძნდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,მზე შინა და მზე გარეთა”, რომლის ანგარიშები დღესაც დაყადაღებულია. ახალი საქველმოქმედო ფონდის თანხა მოხმარდება არა მარტო დევნილებს, არამედ სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და ბავშვებს. ფონდიდან გამოიყოფა დაბალპროცენტიანი კრედიტები ბიზნესპროექტების, ჯანდაცვისა და სადაზღვევო პროგრამების დასაფინანსებლად, ფონდი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და, რა თქმა უნდა, გამოყოფს თანხებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.” ,,ვერსია” შეკრებაზე მოსულ დევნილებსაც ესაუბრა, რომელთაც ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რას გააკეთებს ფონდი მათ საკეთილდღეოდ და დააბრუნებს თუ არა მათ აფხაზეთში. გულიკო მურღულია, გულრიფში: ,,ლტოლვილი ბიზნესმენი, ბატონი მინდია გულუა დახმარებას გვპირდება. მოვედი, რომ მოვუსმინო, წლებია ლტოლვილი ვარ, არავის ჩვენზე არ უზრუნია, ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა. მადლობელი ვიქნებით, თუ ლტოლვილი ბიზნესმენი პატივს გვცემს”. დავით გურჩიანი, კოდორის ხეობა: ,,გვაინტერესებს, რას გვპირდებიან. 3 წელია, სახლიდან გამოგდებული ვარ და ეს მთავრობა არც წინ მიშვებს, არც უკან. წინ წყალი, უკან მეწყერიო”. ვიტალი მინაძე, აფხაზეთიდან დევნილი: ,,ამბის გასაგებად მოვედი, მაინტერესებს, როდის მეღირსება აფხაზეთში დაბრუნება”. ნათელა მიქიანი, დევნილი კოდორის ხეობიდან: ,,ორჯერ დევნილი ვარ. ჯერ აფხაზეთიდან გამოგვყარეს, მერე კოდორის ხეობიდან. არანაირი ცხოვრების პირობები არ გვაქვს. არც წყალი გვაქვს და არც შუქი. ახლა ცოტა იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი. 25 წელი სოხუმში, საპროექტოში ვმუშაობდი, 12 წელი კოდორს ხეობაში _ პედაგოგად, ახლა მარტო სახელი და გვარი შემრჩა, მეტი არაფერი, ყველაფერი დავკარგე. ახლა ქუჩაში ვარ. კოდორი რომ არ დაგვეკარგა, კიდევ არა გვიშავდა, ახლა სუფთა მათხოვარი ვარ. 90 ლარით რა უნდა გავაკეთო?! მე მოვედი გასაგებად, რა იქნება, იმედის ნაპერწკალი კი გამოჩნდა, თუმცა ისეთი გულგატეხილი ვართ, არავის იმედი აღარ გვაქვს”. მართალია, ფართომასშტაბიან შეკრებაზე გზის გადაკეტვა არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ხალხის სიმრავლემ ხუთიოდე წუთით, სამანქანო გზის მოძრაობა შეაფერხა. ამ დროს საპატრულო და სამხედრო პოლიციაც გამოჩნდა და გზის გაწმენდა ხალხის ნაკადისგან ჩვეული ხერხებით დაიწყა. ცოცხალ ჯაჭვში მყოფ პოლიციელებს პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუამ მიმართა: ,,მე ვხედავ სამართალდამცველებს, რა ქნან, განკარგულება აქვთ მიღებული და უნდა ემსახურონ, მაგრამ, თითოეული მათგანის გულში ეს სიტყვებია: ჩვენ, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შერიგება გვინდა”. მანვე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა: ,,შორს არ არის ის დღე, როცა ჩვენ, ყველანი ერთად, მშვიდობიანად შევაბიჯებთ საყვარელ სოხუმსა და ცხინვალში. მოდით, ყველამ ერთად ვთქვათ, აფხაზებო და ოსებო, ქართველები ერთმუშტად შეკრული, თქვენ შერიგებას გთხოვენ, ახლა თქვენზეა სიტყვა.Pპარტია ,,განახლებული საქართველოსთვის” ყოველთვის თქვენ გვერდითაა, მაგრამ თქვენც უნდა იყოთ ჩვენ გვერდით, ჩვენი ძალა ერთობაშია. მე იმ ბედნიერი დღის იმედი მაქვს, როცა ჩვენ საყვარელ აფხაზებსა და ოსებს ჩავეხუტებით. მინდია გულუა ყველანაირად ეცდება, საქრთველოში ჩამოვიდეს, მაგრამ თუ მისი ჩამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული და მან ვერ მიღო გადაწყვეტილება, ჩვენ ბრძოლას განვაგრძობთ. ჩვენი საქმე სამართლიანია და გავიმარჯვებთ.” შეკრებილებს, იქვე, პარლამენტის წინ დამონტაჟებული მონიტორიდან ფონდის დამფუძნებელმა მინდია გულუამ შვეიცარიიდან მიმართა: ,,მოგესალმებით, დებო და ძმებო, მოგესალმებით, თხემით ტერფამდე ქართველი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების წყალობით, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ მომეცა. არ მაქვს პრეტენზია შეუცდომელნი ვიყოთ, მაგრამ მინდა ის შეცდომები გამოვასწოროთ, რომელსაც ქვეყანა გაურკვეველი მომავლისკენ მიჰყავს. ხმამაღლა ვსაუბრობთ ქართული მიწის ბარაქიანობაზე, მაგრამ არ გვინდა ქართველი გლეხის მუხლჩაუხრელი შრომა, ეგზოტიკის მაძიებელი უცხოელის გართობა-დასვენებას მოხმარდეს. ბევრს ვსაუბრობთ პოლიციის გამჭვირვალე შენობებზე, მაგრამ არ გვინდა, მათი კედლებიდან არეკლილმა მზის სხივმა დაგვაბრმავოს და სულ უფრო ხშირად აუცრემლოს თვალი ჩვენ დედებს. ხელისუფლება, რომლისთვისაც სიტყვა ოკუპაცია, დიპლომატიური განმარტებაა, ვერასოდეს გაიგებს, რა ტკივილი და რაოდენ დიდი ტვირთია ოკუპირებული საქართველო, ჩვენ კი ეს ყველაფერი პირადად განვიცადეთ და იქ ძვირფასი სიცოცხლე დავტოვეთ. დროა, კონფლიქტის მორალური მხარეები, რაც შეიძლება მალე, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ, რადგან მჯერა, რომ ვერც ქართველთა უპილოტო საფრენი აპარატები და ვერც ლაზიკას ჯავშანი, ამ პრობლემების მოგვარებას ვერ დააჩქარებს. შუამავლების გარეშე უნდა შევძლოთ, აფხაზებთან და ოსებთან დავსხდეთ. შეცდომა ორივე მხრიდან დაშვებულია, მაგრამ მიტევება და თანამშრომლობა უნდა შევძლოთ. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას. როგორ უნდა ავაღორძინოთ ქვეყანა და დავაყენოთ ფეხზე. იქმნება უპრეცედენტო ფონდი, რომლის მთავარი ამოცანა დევნილთა პრობლემებით დაინტერესება და მათი პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება. იგი, გასაგები მიზეზების გამო, შვეიცარიაში დაფუძნდება და მე, როგორც ინიციატორი, მზად ვარ, ფონდის ანგარიშზე 25 მილიონი დოლარი შევიტანო. დარწმუნებილი ვარ, ამ ინიციატივას ქართველი, აფხაზი და ოსი კოლეგებიც შეუერთდებიან და ანგარიში დღითიდღე გაიზრდება. მოვუწოდებ ქართველ მილიარდელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავისი მეცენატობითაა ცნობილი, გამოიჩინოს გულისხმიერება და თავისი წვლილი შეიტანოს ამ კეთილშობილური გეგმის განხორციელებაში. ამ გეგმის პრაქტიკული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგების საკორდინაციო საბჭო. ჩემო ძვირფასო ქართველებო, აფხაზებო და ოსებო, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა გადავრჩეთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ. გფარავდეთ უფალი!” მინდია გულუას სიტყვით გამოსვლის დამთავრებისთანავე, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდული ორგანიზაციის 6 წევრი დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ,,მათ არაფერი დაუშავებიათ _ ან ისინიც გაათავისუფლონ და ან მეც, როგორც მათი ხელმძღვანელი, დამაკავონ”, _ განაცხდა გიორგაძემ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებთან გადაინაცვლა, თუმცა ვერც მათგან მიიღო ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. ,,ვერსიამ” ახალგაზრდების დაკავების დეტალები ლაშა ჯავახიშვილის მეგობრისგან შეიტყო: ,,გაჩერებაზე ვიდექით, ლაშა გოგოებს გვაცილებდა. ჯერ ერთი დაიჭირეს, მერე დანარჩენები და მანქანაში ჩატენეს. ქალს, რომელიც ,,მარშრუტკაში” დროშით ადიოდა, ლაშამ უთხრა, დროშის წაღება არ შეიძლებაო. იმ ქალმა გაუცინა და სანამ დროშას მისცემდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა დაიჭირა და მიჰყავდა, მერე უცებ ფორმიანი პოლიცელები მოვარდნენ და საპატრულო მანქანით წაიყვანეს”. მოგვიანებით, ,,ვერსია” სოსო გიორგაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ: ,,სამ აქტივისტს _ ბადრი ნანობაშვილს, ლაშა ჯავახიშვილს და გოჩა მანჯავიძეს 20-20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. როცა ხალხის ნაკადმა მოიმატა, 2 მათგანი ჩემთან ერთად იდგა გზის სავალ ნაწილზე. ისინი გოგონებს აცილებდნენ შინ და გზის გადაკეტვაშიც არ მონაწილეობდნენ. როცა ჩვენ დაგვიკავშირდნენ და მივედით ადვოკატით, სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდათ. მოწმეები კი, როგორც წესი, პატრულის თანამშრომლები იყვნენ. მათ ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის წაუყენეს, ეს არის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც აბსურდია და ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია”.

ნინო ხარშილაძე

http://versia.ge/index.php/2009-04-01-15-18-41/1662-2012-05-14-14-22-55.html

 

,,ჰილარი კლინტონს, ამერიკასა და ნატოს ვეჭიდავები, ასეთი ნაძირალა აგენტები ფეხის ფრჩხილადაც არ მიღირს!”

2 ივლ

რატომ დაუპირისპირდა ალექსანდრე შალამბერიძეს ,,უმუშევართა კავშირის” თავმჯდომარე?

რამდენიმე დღის წინ, უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე თამარ იოვაშვილმა ახლადშექმნილი ალტერნატიული პროფკავშირი ,,სოლიდარობა 2” დაშლილად გამოაცხადა და საინიციატივო ჯგუფის თავმჯომარეს, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” გენერალურ მდივანს, ალექსანდრე შალამბერიძეს დაუპირისპირდა. ,,ვერსია” ალექსანდრე შალამბერიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა:

_ ,,სოლიდარობა 2” არ დაშლილა, მხოლოდ სამი ორგანიზაცია გამოეყო: ,,უმუშევართა ასოციაცია”, ,,მხატვართა კავშირი” და ,,ჟურნალისტთა ასოციაცია”. ეს იყო ავანტიურა, ეს ადამიანები კი სააკაშვილ-მერაბიშვილ-პეტრიაშვილის მიერ შემოგზავნილები. მათი წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, თუმცა ეს საქმე გაგრძელდება.
_ უმუშევართა კავშირის თავმჯდომარის, თამარ იოვაშვილის შვილი _ ლადო სადღობელაშვილი პოლიტიკური დევნილია, იოვაშვილი კი ხელისუფლებასთან დაპირისპირებული, თქვენ კი ამბობთ, რომ ის სააკაშვილ-მერაბიშვილის აგენტია?
_ ის პეტრიაშვილს შეეკრა. კაცს, რომელიც სააკაშვილ-მერაბიშვილის მონა-მარიონეტი და მათი პოლიტიკის გამტარებელია. ადამიანი, რომელიც მხოლოდ გრანტებს ჭამს, არ იცავს დასაქმებულის უფლებებსა და ინტერესებს.
_ ეს სამი ორგანიზაცია რატომღა წავიდა თქვენიდან?
_ არ ვიცი, უმუშევართა კავშირის ჩამოყალიბება ჩემი იდეა იყო. იდეა თამარ იოვაშვილს მე შევთავაზე, მაგრამ ადამიანებს მერე თავში აუვარდებათ ხოლმე. მხოლოდ 3 ადამიანი წავიდა, მათ აქედან ინფორმაციის გატანაზე იმუშავეს. რომ ვეღარ მოძოვეს, მერე განაწყენებული გაიქცნენ და პატრონს ჩაბარდნენ. უმუშევართა კავშირის წევრთა დიდი ნაწილი კი ჩემთან დარჩა.
_ გაიქცნენ, თუ აიძულეთ წასულიყვნენ, მათ თქვეს, რომ პარტიულ აქტიურობას აძალებდით?
_ წლებია, პოლიტიკაში ვარ, მაგრამ გაჭირვებული ადამიანები უყურადღებოდ არ მიმიტოვებია. თამარ იოვაშვილის ხუშტურების გამო კი პოლიტიკიდან არ წავალ. ჰილარი კლინტონს, ამერიკასა და ნატოს ვეჭიდავები, ასეთი ნაძირალა აგენტები კი ფეხის ფრჩხილადაც არ მიღირს. პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია და ორად ვერ გავიყოფი”. ,,ვერსია” დაინტერესდა, რა გახდა ალტერნატიული პროფკავშირების ,,სოლიდარობა 2”-იდან სამი ორგანიზაციის გასვლის მიზეზი და უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე თამარ იოვაშვილს ესაუბრა: _ 8 მაისს ჩამოყალიბდა სოლიდარობა 2-ის საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ხელი 14-მა არასამთავრობომ მოვაწერეთ. რეალურად, 14-დან მხოლოდ 5 არსებობდა. ეს თავიდანვე თაღლითობა იყო, რომელიც შალამბერიძემ ჩაიდინა. ჩვენ გვეგონა, ქმედითი ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, მაგრამ იგი ამ მიმართულებით მუშობას არ აპირებს და სწორედ ამ თაღლითობას გავემიჯნეთ. ყველა მისი აქცია და ნაბიჯი გათვლილი იყო იმაზე, რომ ჟურნალისტთა ინტერესის სფეროში მოხვედრილიყო და გაპიარებულიყო. ალეკო შალამბერიძე საქართველოს პოლიტიკის გუშინდელი დღეა, ეგეთი პოლიტიკოსების ადგილი საქართველოს პარლამენტშიAაღარ არის, არადა, პარლამენტარობა სურს. შალამბერიძემ, ოფისში ოთახის დათმობის საფასურად, მოგვთხოვა პარტიულ საქმიანობაში ჩავრეულიყავით, მოგვეხდინა პარტიის რეკლამირება-აგიტაცია, დაგვერიგებინა ფლაერები, გაზეთები და ასე შემდეგ. ჩვენ კი არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და პარტიას ვემიჯნები. ჯერ კიდევ სააღდგომო აქციაზე მოგვივიდა დიდი უკმაყოფილება, პრესაში ისე გააშუქეს, თითქოს ეს საქველმოქმედო აქცია, პარტია ,,თავისუფალმა საქართველომ” გააკეთა.
_ 15 აპრილს თუ დიდი უკმაყოფილება მოგივდათ, 8 მაისს შექმნილ ორგანიზაციას როგორღა შეუერთდით?
_ უკმაყოფილება ნელ-ნელა გროვდებოდა. შალამბერიძეს ვუთხარი, რომ თუ პროფკავშირს მართლა ვქმნით, ყრილობა უნად მოვიწვიოთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ-მეთქი, მიპასუხა: ხომ გამოვაცხადეთ რომ შეიქმნა, ახლა დარდი არ მაქვსო. ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო.
_ შალამბერიძემ აგენტი გიწოდათ, მერაბიშვილ-სააკაშვილის აგენტ პეტრიაშვილთან მივიდნენო…
_ ადამიანს სხვა სათქმელი რომ არაფერი აქვს, თავს მხოლოდ ამით იმართლებს. როგორ შეიძლება მე ვიყო სააკაშვილისა და მერაბიშვილის აგენტი, როცა ჩემი შვილი პოლიტიკური დევნილია და ამ წლების განმავლობაში ყველაფერი დაკარგა; 26 მაისის მოვლენების გამო იგი იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. ამ რეჟიმის გამო ჩემი მეუღლე დღეს მიწაში წევს; არადა, ნაცბანდასთან შეკრული ადამიანები კარგად ცხოვრობენ. მე კი 6 წელია, უმუშევარი ვარ. გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენელთან ეთერ მათურელთან კონსულტაციები ჯერ კიდევ ოქტომბრიდან გვქონდა, რაც ალეკო შალამბერიძემაც იცოდა. თუ არ მოსწონდა, მაშინვე ეთქვა.
_ რატომ წახვედით ირაკლი პეტრიაშვილთან, ხომ შეგეძლოთ დაწყებული საქმიანობა მარტო გაგეგრძელებინათ?
_ შალამბერიძემ ოფისი დაგვატოვებინა და ქუჩაში გამოგვყარა. აქ ერთი ოთახი დაგვითმეს, რათა მშვიდად განვაგრძოთ საქმიანობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ალტერნატიული პროფკავშირი ,,სოლიდარობა 2” არ არსებობს. შალამბერიძე ვერასდროს გახდება, ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებელი, საამისოდ მას ,,ბაგაჟი” არ აქვს.

ნინო ხარშილაძე

http://versia.ge/index.php/2009-04-01-15-18-41/1796-2012-06-20-14-07-01.html

 

ლაზეროეპილაცია _ ფუფუნება თუ სამკურნალო საშუალება?!

2 ივლ

რატომ ღირს ძვირი ლაზეროეპილაცია?

ჭარბთმიანობა ქალბატონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მისგან გათავისუფლების სხვადასხვა ხერხი არსებობს, თუმცა ყველაზე ეფექტურ და უმტკივნეულო პროცედურად ლაზეროეპილაცია ითვლება. ლაზეროეპილაციაზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ზაფხულში მატულობს, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რა ღირს საქართველოში ლაზეროეპილაცია და რამდენად ეფექტურია ჭარბთმიანობისგან თავის დასაღწევად.

„მედის” მარკეტინგის მენეჯერ ია გოგოლაძის განმარტებით: ,,ჭარბთმიანობის მკურნალობა ოქროს სტანდარტად აღიარებული ალექსანდრიტის ლაზერით ხდება. კლინიკაში წარმოდგენილი აპარატი ,,ჯენტლ-ლაზერ-პრო” ერთადერთი ექსკლუზიური ეგზემპლარია საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელიც წინამორბედი ლაზერული ტექნოლოგიებისაგან მძლავრი ენერგიით, სისწრაფით, უნიკალური გამაგრილებელი და მულტიფუნქციური სისტემებით გამოირჩევა. ალექსანდრიტის სხივი აღწევს თმის ფოლეკულამდე, თერმული ზემოქმედებით იწვევს მის ირგვლივ არსებული მკვებავი სისხლძარღვების კოაგულაციას და თმის ძირის დაშლას. პროცედურა ძალიან კომფორტულია, რადგან ტარდება სწრაფად, უკონტაქტოდ და კანის დაზიანების გარეშე. პროცედურა განმეორებას 2-თვიანი ინტერვალით საჭიროებს. რაოდენობა კი ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურია, რადგან დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებსა და ჰორმონალურ ცვლილებებზე. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ღირებულების დათვლა იმპულსების მიხედვით ხდება. ფიქსირებული ფასები კი ასეთია: ტუჩი _ 10-15 ლარიდან; ბაკები _ 25-30 ლარიდან; შუბლი _ 30 ლარიდან; სახე _ 70 ლარიდან; ხელები მთლიანად _ 50 ლარიდან; იღლია _ 25-30 ლარიდან; ბიკინი _ 50 ლარიდან”. ლაზეროეპილაციას ჩაჩავას კლინიკაშიც აკეთებენ და ფასები აქაც თმიანობის სიხშირესა და მის არეალზეა დამოკიდებული. თითოეული პროცედურის ფასი ასეთია: ულვაში _ 25-45 ლარამდე ღირს; ბაკები _ 40-300 ლარამდე; ნიკაპი _ 20-40 ლარამდე; იღლია _ 15-60 ლარამდე; ხელი იდაყვამდე _ 40-70 ლარამდე; მთლიანი ხელი _ 80-120 ლარამდე; ბიკინი 75 ლარი; შიდა ბიკინი _ 150 ლარი; მთლიანი ფეხის თმისგან გათავისუფლება 200 ლარი; წვივი _ 120-150 ლარამდე; ბარძაყი _ 140 ლარი. ,,ჩაჩავას კლინიკაში” ლაზეროეპილაცია დიოდის ლაზერით კეთდება. სპეციალისტი ნინო ონიანი ამბობს, რომ: ,,ნებისმიერი სახით თმის მოცილება, რაღაც ეფექტს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ კი არ ვაცილებთ არასასურველ თმას, ვმკურნალობთ ჭარბთმიანობას. როცა პაციენტი ამ პრობლემით მოგვმართავს და ეჭვი გვეპარება, რომ ეს გამოწვეული იყოს შინაგანი დარღვევით, მიზეზს ვიკვლევთ. კომპლექსურად გავდივართ კონსულტაციას გინეკოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. თუ პაციენტს რაიმე შინაგანი დარღვევა არა აქვს, პაციენტს პირველი ეპილაციის შემდეგ, განმეორებით თვენახევრის შემდეგ ვიბარებთ, ვინაიდან პირველი პროცედურის შემდეგ, თმის მხოლოდ 30%-ია განადგურებული. მეორე პროცედურის შემდეგ 2-3 თვეში დავიბარებთ. მესამეს შემდეგ კი საუკეთესო შედეგია. 1 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 5-6 პროცედურა დასჭირდეს და ჭარბთმიანობისგან საერთოდ გათავისუფლდეს, თუმცა ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ”. ლაზეროეპილაციის დროს ბევრ პაციენტს პრობლემა ექმნება, რადგან ეუბნებიან, რომ ქერა თმასა და ღინღლს ლაზერის აპარატი ვერ ხედავს და მისი მოშორება შეუძლებელია. ნინო ონიანი ამას აპარატის სიძველით ხსნის და აცხადებს, ,,დიოდის ლაზერის აპარატი სხვაგანაც არსებობს, მაგრამ წინა თაობისაა. ჩვენთან უახლესი მოდელია. რომელიც ყველა ტიპის თმას აშორებს _ უხეში თმა გადაჰყავს ღინღლის მდგომარეობაში და მასაც ვაშორებთ”. ლაზეროეპილაციის სიძვირეს კი სპეციალისტები მისი კომფორტულობით ხსნიან და ასეთ განმარტებას აკეთებენ, ,,ელექტროეპილაციის გაკეთებას 2 საათი სჭირდება, რასაც ჩვენ 5 წუთში ვაკეთებთ, თანაც, შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტს ელექტროეპილაცია, უფრო ძვირი დაუჯდეს. ფასი დამოკიდებულია კომფორტსა და ხარისხზე. დღეს კი დრო ფულია”. ლაზეროეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერით ,,კარაპს მედლაინშიც” აკეთებენ. ფასი აქაც მაღალია: ბაკები _ 30 ლარი ღირს; შუბლი _ 20 ლარი; ნიკაპი _ 20 ლარი; ლოყა _ 40 ლარი; ღაბაბი _ 40 ლარი; ყელი _ 35 ლარი; ღაწვი _ 22 ლარი; კისერი _ 40-70 ლარი; თითები _ 15 ლარი; ხელები _ 80 ლარი; ფეხები _ 150 ლარი; დუნდულო _ 60 ლარი; წვივი _ 70 ლარი; ბარძაყი _ 90-110 ლარი; წელი _ 60-90 ლარი; იღლია _ 60 ლარი; მუცელი _ 40-60 ლარი. კომპანიის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ნინო ბაჩიაშვილი კი ფასებთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას აკეთებს: ,,ლაზეროეპილაცია ფუფუნებაა და, შესაბამისად, ძვირი უნდა ღირდეს. ეს ხომ პირველადი მოხმარების საგანი არ არის?” ლაზეროეპილაცია რომ რაღაც პროცენტში ეფექტურია, ამას ექიმი დერმატოლოგი მაია მარიდაშვილიც ადასტურებს და ,,ვერსიასთან” საუბარში განმარტავს: ,,თანამედროვე მონაცემებით, ლაზერული ეპილაციის ეფექტურობა 85%-ია. დანარჩენი 15% ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაშია არაეფექტური. ეს კი, შესაძლოა, საკვერცხეებიდან ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებიდან იყოს გამოწვეული, რომელიც ქალებში მამაკაცური ტიპის თმიანობას იწვევს. ლაზეროეპილაციის პროცედურების სიხშირე კანის ტიპზეა დამოკიდებული, მაგრამ საერთო რეკომენდაციით, იგი 4-6 კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს ჭარბთმიანობისგან გათავისუფლება სამუდამოდ სურს, მან საჭირო პროცედურები ზედმიწევნით უნდა ჩაიტაროს, ვინაიდან თუკი თმის ბოლქვზე ზემოქმედება პერიოდულად არ მოხდა, ის აუცილებლად გაძლიერდება და, სავარაუდოდ, იმდენივე თმა ამოვა, რამდენიც მანამდე იყო”. ლაზეროეპილაციის სიძვირეს ექიმი-დერმატოლოგი მისი ელიტურობით ხსნის: ,,ძვირია, ალბათ იმიტომ, რომ ეს არის თანამეროვე მეთოდი და ელიტურად ითვლება. თვითონ აპარატიც ძვირია. კეთდება ელიტურ დაწესებულებებში, სადაც ყველაფერზე მაღალი ფასებია, თანაც თუ ჩვენ სოციალურ გარემოს გავითვალისწინებთ, ეს ფუფუნების საგანია. ყველა ვერ მისცემს თავს უფლებას, გადაიხადოს რამდენიმე ასეული ლარი ჭარბთმიანობისგან გათავისუფლებაში”.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1689-2012-05-23-12-53-01.html

 

ალექსანდრე შალამბერიძე: ,,იქ შეკრებილია კორუფციული ბანდა და დახურული სისტემა, რომლის ფულის კონტროლის საშუალება ღიად არ არსებობს!”

2 ივლ

საქართველოში ალტერნატიული პროფკავშირი ,,სოლიდარობა 2” ფუძნდება!

მალე საქართველოში ახალი, ალტერნატიული პროფკავშირი ,,სოლიდარობა 2” დაფუძნდება, რომლის მისია იმ ადამიანების უფლებების დაცვა იქნება, ვინც სამსახურიდან უმიზეზოდ დაითხოვეს. ,,ვერსია” ,,თავისუფალი საქართველოს” გენერალურ მდივანს, ,,სოლიდარობა 2-ის” საინიციატიცო ჯგუფის თავმჯდომარეAალექსანდრე შალამბერიძეს ესაუბრა:

_ დიდი ხანია, ადამიანის უფლებებისა და პროფესიული უფლებების დაცვის საკითხებზე ვმუშაობთ. ამ პერიოდში უკვე ჩამოყალიბდა რამდენიმე პროფესიული ასოციაცია: ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”, ,,საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია”, ,,რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირი”, ,,თავისუფალ მოვაჭრეთა ასოციაცია”, ,,გარე მოვაჭრეთა ლიგა”, ,,სამარშრუტო ტაქსების თავისუფალი პროფკავშირი” და სხვა. ეს პროფესიული კავშირები აქამდე დამოუკიდებლად მუშაობდნენ, თუმცა ფაქტია, დაგროვილი პრობლემები, ცალკე ორგანიზაციების დონეზე ვერ გადაწყდება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ ალტერნატიული პროფკავშირი, რათა ერთმანეთის პროფესიული უფლებების დაცვა დავიწყოთ. ეს არის სრულიად ახალი მიდგომა და აბსოლუტურად განსხვავდება იმ საბჭოური ტიპის პროფკავშირისგან, რომელიც დღეს მოქმედებს. არსებულმა პროფკავშირმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვერანაირად ვერ შეცვალა სისტემური მუშაობა. იგი ხელისუფლების ნების გამომხატველ ორგანოდ დარჩა და არა დაჩაგრული ადამიანების უფლებების დამცველად. როგორც მრავალპარტიულობაა საჭირო ქვეყანაში, ასევე საჭიროა, მინიმუმ, ორი პროფკავშირი მაინც იყოს, რათა კონკურენტულ გარემოში ადამიანებმა თავად დაინახონ, ვინ დაიცავს რეალურად მათ ინტერესებს.

_ თქვენ თქვით, რომ ,,გაერთიანებული პროფკავშირები” ხელისუფლების სათავეში მოვარდნილ ბანდიტთა კლასის ნების განმხორციელებელია, რომელიც ადამიანების პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს არ იცავს. რატომ ვერ იცავს არსებული პროფკავშირი ადამიანების პროფესიულ უფლებებს?

_ ბოლო პერიოდში სამსახურებიდან გამოყარეს პედაგოგები, ექიმები, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რკინიგზელები და სხვა პროფესიის ადამიანების, პროფკავშირი ერთხელაც არ გამოსულა და მათი უფლებები არ დაუცავს.

_ და როგორ უნდა იცავდეს პროფკავშირი ამ ადამიანების უფლებებს?

_ პროტესტს უნდა გამოხარტავდეს და ყველა კონკრეტულ ფაქტზე უნდა მიმართოს სასამართლოს. ჩვენ უკანონოდ დათხოვნილ ადამიანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვეხმარებით, არც ადვოკატის მომსახურეობის თანხას ვახდევინებთ. ,,უმუშევართა კავშირმა” პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი უმუშევართა სარჩოს შესახებ. გრანტები, რომელიც პროფკავშირებში მოდის, მიზანმიმართულად არ იხარჯება. ფულს ფლანგავენ ჯამბაზების გამოყვანაში და არა იმაში, რომ შრომის უფლებები დაცული იყოს, შეიქმნას სრულყოფილი კანონპროექტები, რომელიც შეცვლიდა არსებულ კანონებს. ეს არის შეკრებილი კორუფციული ბანდა და დახურული სისტემა, რომლის ფულის კონტროლის საშუალება ღიად არ არსებობს, ამიტომ მე ვამბობ, რომ არსებული პროფკავშირი კორუფციის ბუდეა და მათი ჯიბის გასქელებას უწყობს ხელს. ახლა, როცა ერთის მაგივრად ორი პროფკავშირი იარსებებს, შემოწმებისა და ღიაობის მეტ საშუალებას მისცემს საქართველოს მოსახლეობას, რათა უცხოეთიდანNშემოსული ფული გაკონტროლდეს.

_ თუკი ეს ბანდაა და არაფერს აკეთებენ, მაშინ თანხებს როგორღა შოულობენ?

_ მე მქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი მითხრეს, რომ საქართველოში ალტერნატიული პროფკავშირი არ არსებობს და ამიტომაც იძულებულები არიან, ის ერთადერთი პროფკავშირი დააფინანსონ.

_ თქვენ გაერთიანებულ პროფკავშირს უმოქმედობაში ადანაშაულებთ, თუმცა მისი ლიდერი ამბობს, რომ თქვენ მხარი დაუჭირეთ ახლანდელ შრომის კოდექსს.

_ ასე არ არის, მე შრომის კოდექსისთვის მხარი არ დამიჭერია. მეტიც, მე შრომის კოდექსის საერთოდ გამუქმება მინდოდა და სამაგიეროდ, უნდა ყოფილიყო უმაღლეს რანგში აყვანილი ორმხრივი ხელშეკრულებები, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაიდებოდა.

_ დღეს ბევრი, დამსაქმებლის შიშით, ვერ წევრიანდება პროფკავშირებში, ამ მხრივ, როგორი დაცვის მექანიზმები გექნებათ?

_ ეს დაკავშირებულია, ზოგადად, იმ პოლიტიკურ ტერორთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, ამიტომაც პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო. აქციებით, ბრიფინგებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, განვაგრძობთ ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ტერორი არ იყოს.

_ პედაგოგთა ალტერნატიული პროფკავშირის შექმნამ ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ,,პედაგოგთა პროფკავშირი”, თითქმის საერთოდ დაშალა, იგივე ბედი ხომ არ მოელის საქართველოს პროფკავშირსაც?

_ გამიზნულად არა, თუმცა, თუ ჩვენი უკეთესი იქნება, ის დაიშალოს, რა პრობლემაა. მთავარია, საქმე გაკეთდეს და დასაქმებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1651-2012-05-11-11-33-30.html

 

მათხოვრების თვალით დანახული პოლიტიკა

2 ივლ

,,მშიერი და გამწარებული ხალხი არჩევნებზე სააკაშვილზე შურს იძიებს და ივანიშვილს მხარს მხოლოდ იმიტომ დავუჭერთ, ეგ მოვიშოროთ!

ზოგი ამბობს, პოლიტიკაში რა მესაქმება, ჩემ გასაკეთებელს სხვა გააკეთებს, მე ბედნიერად, წყნარად ვცხოვრობ, კარგი ჯიპი მყავს, კარგი სახლი მაქვს, მშობლები ფულს მაძლევენ, გართობასაც ვასწრებ და ბედნიერ ცხოვრებასაც. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ოღონდ პოლიტიკაზე ალაპარაკე და მთელ დღეს დაგითმობს, თოხსა და ბარს გვერდით გადადებს და გულს გადაგიშლის. ისეთებიც არიან, ვინც უბრალოდ, მიიჩნევს, რომ მის აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს, რადგან ღარიბი და საცოდავია. არადა, საზოგადოების გასაჭირს, ყველაზე კარგად სწორედ ისინი გრძნობენ. ,,ვერსია” თბილისის ქუჩაში ხელგაწვდილ ადამიანებს შეხვდა და შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისინი, ვინც იღბალმა მოწყალების სათხოვნელად გამოიყვანა… რა იციან სააკაშვილსა თუ ივანიშვილზე, მოსწონთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებები.

ეთერ ყოჩიშვილს ხელი სამათხოვროდ ქუჩის კუთხეში გაწვდილი არ აქვს, მაგრამ საკუთარ თავს მათხოვარს უწოდებს. იგი საკონდიტრო საწარმოს მიეკედლა და მორჩენილი ბისკვიტებით იკვებება, ქუჩაში უცნაურად ჩაცმული და ბარგადაკიდებული დადის. ადრე მსუქანი იყო, ერთი თვეა, რაც ძალიან გახდა. მითხრა, ზამთარში გარეთ ვერ გამოვდიოდი, საჭმელი არ მქონდაო: _ მეზობლებსა და ნათესავებს ჩემი ქუჩაში გამოგდება უნდათ. ხან ტელევიზიას, ხან პატრულს იძახებენ ჩემ წასაყვანად, უნდათ, საგიჟეთში ან თავშესაფარში წამიყვანონ, რომ მერე ჩემი რძალი ჩემ სახლს დაეპატრონოს. არაფერი მაქვს, ნამათხოვრალი ლუკმით გამაქვს თავი, მაგრამ საკუთრ ჭერქვეშ რომ ვცხოვრობ, ესეც ბედნიერებაა ჩემთვის, ბევრს ესეც არა აქვს. სამსახური არ მაქვს. პენსიის დანიშვნამდე სამი წელი მიკლია. ახალგაზრდა და ლამაზი ვეღარ შოულობს ამ დროში სამსახურს და მე, გლახაკი და გაუბედურებული, ვის რასი ვჭირდები. ბისკვიტის ნარჩენებს ვცვლი ხოლმე საჭმელში და თავი ასე გამაქვს. ეს მთავრობა არაფერში მეხმარება, სახლში წყალიც კი არ მომდის, გამგეობაში მივედი, ვთხოვე, გამიკეთეთ-თქო და ჯერ არავინ გამოჩენილა. სააკაშვილი რომ არ ვარგა, ცხადია, მაგრამ ივანიშვილსაც არაფერი გაუკეთებია ჩვენისთანა ხალხისთვის ჯერ. ამბობენ, საჩხერეში ეხმარება ხალხსო. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი სხვას დაუთმობს სავარძელს. ამდენი მათხოვარი და მშიერი რომ ჰყავს ქვეყნის მეთაურს, ის კაცი ქვეყანას აღარ უნდა მართავდეს. ხანდახან უფასო სასადილოში ვეცოდები ხალხს და მაჭმევენ. იცით, იქ რა საცოდავი ხალხი მოდის, მოხუცები, რომელთაც კოვზი პირთან ვეღარ მიაქვთ, მაგრამ მაინც კანკალითYმოდიან სასადილოში იმიტომ, რომ იმ დღეს მშიერი არ დარჩნენ. საჭმელს იქ კი არ ჭამენ, სახლში მიაქვთ, რათა ერთი ულუფა მთელი დღე გამოიზოგონ. მითხარით, ადამიანობა აქვს ჩვენ მთავრობას?! არ სჯობს, იმ მოხუცებს ის სურსათი დაურიგონ და სახლში თვითონ გაიკეთონ სადილი?! შიმშილით სული რომ არ ამოხდომოდათ ყინვაში, ორი ჯოხით დადიოდა ხალხი უფასო სასადილოში”. ავთო: ,,ავღანეთში ვიბრძოდი, ფეხი და ცალი თვალი იქ დავკარგე. აქ რომ ჩამოვედი, დედაჩემმა სახლი გაყიდა რომ მემკურნალა. მაშინ ბინები კაპიკები ღირდა. მერე დედაც დაიღუპა და ქუჩაში დავრჩი. ახლა ღამეს ქუჩაში ვათევ. არც სახლი მაქვს, არც თავშესაფარი. ყველაზე ძალიან მათხოვრებს ზამთარში გვიჭირს. ყინვაში ღია ცისქვეშ ვრჩებით. რამდენჯერმე ფილტვების ანთება ფეხზე გადავიტანე, ექიმთანაც არ მივსულვარ. ჩემნაირი დაგლახავებულის დანახვა ყველას ეჯავრება. ნეტა, მოვკვდე, რაAაზრი აქვს ჩემ სიცოცხლეს?! ადამიანის სახე დაკარგული მაქვს, ყოველდღე ლუკმაპურისთვის ვიბრძვი. ხალხი მიეჩვია ჩემ დანახვას, გული აღარ უჩვილდება და ხურდას ბევრი აღარ მიყრის. ჩვენ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რომ ჰყავდეს, ასე ქუჩაში, ვეტერანი კაცი არ ვიქნებოდი. მთელი ცხოვრება დავინგრიე სამშობლოს სახელისთვის და ახლა ვინ ვარ _ მათხოვარი, ,,ბომჟი”, ავადმყოფი, სუნიანი კაცი, რომლის მიახლოვესაც ყველა ერიდება. სააკაშვილი რომ კაცი იყოს, ჩვენნაირი ხალხის დასახმარებლად რამეს გააკეთებდა. იმაზე მეტს უჭირს, ვიდრე ქუჩაში ხელგაწვდილი ვდგავართ. რადიოთი ვიგებ ახალ ამბებს. მიშას არაფრის თავი რომ არ აქვს, იმ მილიარდერს დაუთმოს სკამი, თუ ადამიანობა შერჩენია. გადააბაროს ქვეყნის მართვა და ნახოს, რას იზავს, იქნებ გვიშველოს რამე, ხალხს რომ ფული გაუჩნდება, ჩვენც გვეშველება”. ვალოდია პოპოვა: ,,უკვე წლებია, ვმათხოვრობ. არც სახლი მაქვს, არც ახლობლები მყავს. ამდენი უბედურებითა და ქუჩაში გდებით დავსნეულდი და ალკოჰოლსაც მივეტანე. ჩემთვის დალევა არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა, რომ არ დავლიო, არ შემიძლია. სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ სიკვდილიც არ მოდის. იმის გამბედაობა არ მყოფნის, მტკვარში გადავხტე. ჩვენ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, ხალხი ამ დღეში არ იქნებოდა. იცით, რამდენი ადამიანი მომდგომია აცრემლებული _ ერთი პურის საყიდელი ფული მასესხე, შვილი მშიერი მიკვდებაო. რაც წლები გადის, უფრო მეტი მათხოვარი ჩნდება. მე თუ მკითხავთ, ხალხზე არც ერთი არ ფიქრობს, სააკაშვილი ხომ თავის სიამოვნებაზეა გადასული, მაგრამ არც ივანიშვილი მგონია ქვეყნის გადამრჩენელი. ,,ქართული ოცნების” ბიჭები გაზეთებს არიგებდნენ, დახმარება ვთხოვე, მაგრამ არ დამეხმარენ. რა მოაკლდება ივანიშვილს, ჩვენნაირ ხალხს 100-100 ლარი რომ ჩამოგვირიგოს”. მარო ოთარაშვილი: ,,სამათხოვროდ რამდენიმე თვეა დავჯექი, ზოგმა უარი მითხრა, მაგრამ მაინც გვერდით მივუჯექი.Aაბა, სხვა გზა არ მქონდა, სახლი გავყიდე, სამათხოვროდ ახლა რუსთავიდან დავდივარ. შვილი თურქეთში გათხოვდა, შვილიშვილმა ბავშვი გააჩინა და მის მოვლას უნდება. ან სად იმუშაოს ჩვილი ბავშვით?! დახმარებას არ მაძლევენ, სახლი გაქვს, შვილიშვილმა იმუშაოსო. რა უნდა ვქნათ ჩემი პენსიით?! ამ მთავრობას კიდევ არ აქვს ტვინი თავში, იმის მაგივრად, რომ დაგვეხმაროს და არჩევნები მოიგოს, ხალხს ზურგზე წურბელასავით გვაჯდება და ბოლო წვეთ სისხლს გვწოვს. სააკაშვილს რომ თავში ტვინი ჰქონდეს, არჩევნების წინ მაინც არ ითამაშებდა ხალხის ნერვებზე. ხალხი და, მათ შორის მეც, არჩევნებში მხარს ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ დავუჭერთ, რომ სააკაშვილი მოვიშოროთ. მშიერი და გამწარებული ხალხი არჩევნებზე სააკაშვილზე შურს იძიებს”. ლევანი: ,,დიღომში სახლი მქონდა, მშობლები ადრე დამეღუპა. ჩემ ძმას თანამშრომელი შეუჩნდა, ჩემი შვილი უცხოეთში წაგიყვანსო. სახლი კაპიკებად გაგვაყიდინეს. წავიდნენ, მაგრამ ფინეთის საზღვრიდან გამოუშვეს. მერე ხან რომელ გვირაბში ვუკრავდით, ხან _ რომელში. ჩემი ძმა ჭლექით დაავადდა და დაიღუპა. სანამ შემეძლო, ვუკრავდი და ფულს ისე ვშოულობდი, ახლა მეც ავად ვარ და დაკვრა აღარ შემიძლია, ამიტომაც ვმათხოვრობ, დაავადებული ადამიანი ღამეს ქუჩაში ვათევ. პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა, ხელოვანი ადამიანი ვარ. ჩემთვის ის იქნება კარგი პრეზიდენტი, ვინც თავშესაფარს მომცემს, მიმკურნალებს და დამასაქმებს. ქვეყნის მმართველმა იქამდე როგორ უნდა მიიყვანო შენი ერი, რომ ადმიანებს ციხეში ყოფნა სანატრელად უქციო მხოლოდ იმისთვის, რომ ღია ცის ქვეშ არ იყოს და სალაფავი სანატრელი არ ჰქონდეს. სააკაშვილი რომ ხალხზე ზრუნავდეს, ჩვენისთანა გაუბედურებულ ხალხს რამეს მოგვიხერხებდა და სკვერში ღამის გათევას მაინც არ დაგვიშლიდა. ივანიშვილზე კი ვერაფერს ვიტყვი, ამბობენ მეცენატია, ბევრი რამე გაუკეთებიაო, მაგრამ ჩემთვის არავინ არ არის და არც არაფერი გაუკეთებია, ყველაფერს დრო გამოაჩენს”.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1557-2012-04-18-12-11-03.html

 

რა დაგვიჯდება სააღდგომო სუფრა

2 ივლ

ორი დღეც და ქრისტიანების უდიდესი დღესასწაული კარს მოგვადგება. ამ დროს მარხვაც მთავრდება და აღდგომის მერე მიცვალებულების ხსენების დღეც დგება. შესაბამისად, ყველა ოჯახი, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჯეროვნად დახვდეს. პასკა და წითელი კვერცხი ყველა მართლმადიდებელ ოჯახში უნდა იყოს, თუმცა როგორი სუფრა გვექნება, ეს ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებზეც არის დამოკიდებული. ბევრი, განსაკუთრებით რეგიონებში, უხვ სუფრას სასაფლაოზეც შლის, ისეთს, არც გოჭის თავი რომ აკლია, არც ტორტი და საცივი, რითაც თავს იწონებს კიდეც. მართალია, კატასტროფულად მომატებულმა ფასებმა ბევრს ყველაფრის ხალისი დაუკარგა, მაგრამ უმეტესობა მაინც შეეცდება, სააღდგომო სუფრა განსხვავებული ჰქონდეს. ცხადია, დავინტერესდით, რა დაგვიჯდება სააღდგომო სუფრის მომზადება, ამის გასარკვევად კი ცენტრალურ ბაზარს ვესტუმრეთ.

ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებით, ფასები რომ მომატებულია, ამას მტკიცება არ სჭირდება. ტრადიციულად, აღდგომას წითელი კვერცხით უნდა შევხვდეთ და, შესაბამისად, კვერცხის ფასი 30 თეთრია. თუ ფერმის კვერცხზე მაინც გული გეთანაღრებათ და სოფლის კვერცხი გსურთ, მაშინ თითოეულ კვერცხში 50 თეთრის გადახდა მოგიწევთ. ენდრო და სხვადასხვა სახეობის საღებავები 50 თეთრი ღირს. ვისაც საცივის გაკეთება სურს ან ცივად მოხარშული დედალი უნდა ამშვენებდეს მის სააღდგომო სუფრას _ 1 კილოგრამი ფერმის ქათამი 6,50 ლარი ღირს, სოფლის _ 8 ლარი; ქათმის ბარკლები _ 3,50; სააღდგომო სუფრას კარგად შებრაწული წილილაც ხომ დაამშვენებდა, 1 კილოგრამი წიწილის ხორცი _ 7-8 ლარი, 1 ცალი მწყერი _ 4 ლარი. ზოგი ოჯახი სააღდგომო სუფრას მწვადსაც არ აკლებს. მეტიც, სოფლებში სასაფლაოს ან ეკლესის ეზოში, სახელდახელოდ, მაყალზე მწვადს ამზადებენ, ამიტომაც ხორცის ფასით დავინტერესდით, ერთი კილო სამწვადე ხორცი 11-16 ლარი ღირს; ფარში _ 8-11 ლარი; გულ-ღვიძლი _ 8-10 ლარი. შებოლილი ლორი _ 25 ლარი; 1 კილოგრამი კუპატი _ 13 ლარი; ხოლო შებოლილი _ 20 ლარი. ვისაც მეზობელ-ნათესავებთან თავისმოწონება სურს და ამის ფინანსური შესაძლებლობაც აქვს, პირში ბოლოკგაჩრილ შემწვარ გოჭსაც არ აკლებს სააღდგომო საფრას _Mმისი ფასი 90-150 ლარია; გოჭის ხორცი იმერულად ,,შეკმაზული” ტყემლის საწებლის გარეშე ძნელი წამოსადგენია, ნახევარ ლიტრიანი ტყემლის საწებელი 3-4 ლარი დაგიჯდებათ. ალბათ, არაერთხელ გაგვიგონია, მეტადრე იმერეთში, ისეთი სუფრა ჰქონდა, ჩიტის რძეც არ აკლდა, შავი და წითელი ხიზილალაც კი იყოო. თუ გსურთ, სტუმრებმა მსგავსი საქებარი სიტყვები თქვენ სუფრაზე არ დაიშურონ, ამ დეტალის გათვალისწინებაც მოგიწევთ _ 200-გრამიანი ხიზილალას ფასი 35-55 ლარია; კიბორჩხალას ჩხირები _ 1 ლარი; კალმახის ფასი -10-18 ლარია. ორაგული 10-12 ლარი; სათალი _ 40 ლარი ღირს. ,,სკუმბრიას” კი 7-8 ლარად იყიდით; ქართული სუფრა იმერული ხაჭაპურისა და ლობიანის გარეშე არ ივარგებს, შესაბამისად, ყველისა და ლობიოს ფასითაც დავინტერესდით. ქარხნული და იმერული ყველი _ 8-10 ლარია; სულგუნი _ 12 ლარი; ჰოლანდიური _ 22 ლარი; შვეიცარული _ 18 ლარი; ლობიო _ 3-6 ლარი ღირს. ბოსტნეულიც საკმაოდ გაძვირებულია: კიტრი _ 3-5 ლარი; პამიდორი _ 5 ლარი; ბადრიჯანი _ 3,50; ბულგარული წიწაკა _ 5-10 ლარი; კომბოსტო _ 0,60 თეთრი; სტაფილო _ 1 ლარი; ჭარხალი _ 1,50; ხახვი _ 1-1,30 ლარი; ნიორი _ 3 ლარი; ყვავილოვანი კომბოსტო _1,50 ლარი. ისპანახი _ 0,70 თეთრი; ძველი კარტოფილი _1 ლარი; თუ ახალი კარტოფილის დაგემოვნება გსურთ, ეს სიამოვნება ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, რადგან 1 კილოგრამი ახალი კარტოფილის ფასი 10 ლარია. ქამა სოკო 9 ლარია, ხოლო სხვა სახეობის სოკოს 5 ლარად იყიდით. ცხელი ღომის გარეშე საცივს გემოს ვერ გაუგებთ _ მჭადის ფქვილში 2 ლარის გადახდა მოგიწევთ, ღერღილში _ 2,50; ნიგვზის ფასი 18-20 ლარია; რაც შეეხება ტკბილეულის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტს, ფასები ასეთია: ბრინჯი 3 ლარი; ზეთი _ 4-6 ლარი; შაქარი _ 1,70-1,80 ლარი; რძის ფხვნილი _ 12 ლარი; კარაქი _ 7-15 ლარი; შესქელებული რძე _ 2-3 ლარი; ქიშმიში _ 8 ლარი; გარგარის ჩირი ე.წ. კურაგა 13 ლარი; ეგზოტიკური ხილეულისგან დამზადებული ჩირი 20-30 ლარი; ხურმის და სხვადასხვა ხილეულის ჩირი _ 4-6 ლარი; ჩურჩხელა _ 1,50-5 ლარი ღირს. მიწის თხილი _ 5 ლარი; ქართული თხილი 15 ლარი; ნუში _ 25 ლარი; თაფლი _ 15 ლარი; პასკისა და ტკბილეულის გარეშე სააღდგომო სუფრა ძნელი წარმოსადგენია. გამზადებული ნამცხვრის ფასი 20-25 ლარია, ფირფიტები _ 3,50-6,50 ლარი; 15-კვერცხიანი ტორტის ბისკვიტი _ 15-18 ლარი; პასკის საშუალო ფასი _ 1,50-დან 8 ლარამდე ღირს. სუფრაზე ხილიც გჭირდებათ: კივი _ 4 ლარი ღირს; ნესვი და საზამთრო _ 5 ლარი; ყურძენი _ 8 ლარი; ანანასი _ 8-10 ლარი; გრეიფრუტი _ 3 ლარი; ფორთოხალი _ 2-2,50 ლარი; მსხალი _ 3-4 ლარი; ვაშლი 2,50-6 ლარი; ბანანი _ 0,70 თეთრი. სააღდგომო სუფრისთვის სასმელიც აუცილებელია, მით უმეტეს, ამ დღეს სასაფლაოზეც გავდივართ, ორშაბათს მიცვალებულების დღეც არის და მათი სულის მოსახსენიებლად 1 ჭიქა ღვინოც უნდა მიირთვათ: შამპანურის ფასი _ 8-15 ლარია. ბოთლის ღვინო 10-30 ლარი ღირს; ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 5-6 ლარია. სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელის ფასი კი 1,50-6 ლარია.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1547-2012-04-13-13-50-56.html

 

სპორტული, პნევმატური და სანადირო იარაღის რეგისტრაცია მკაცრდება

2 ივლ

ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მფლობელს2000 ლარით დააჯარიმებენ 

მიმდინარე კვირაში, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს ,,ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ”. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პნევმატური იარაღი სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს, მისი რეგისტრაცია და კონტროლი კი უნდა გაუმჯობესდეს. რაც მთავარია, ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირება შესაბამისი ნებართვის გარეშე, დაჯარიმდება2000 ლარით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების პროექტის მიღების მიზეზი ის არის, რომ მოქმედი კანონი ,,იარაღის შესახებ”, არასაკმარისად არეგულირებს პნევმატურ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონით, პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება ნებართვას არ საჭიროებს. კანონპროექტის მიზანია, პნევმატური იარაღის სამართლებრივ სივრცეში მოქცევა, აგრეთვე ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი პირებისთვის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების მინიჭება. კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გარკვეული კატეგორიის პნევმატური იარაღის რეგისტრაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. პნევმატური იარაღის პარამეტრებს დაამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი მომსახურების საფასურების შემოღებას, კერძოდ, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის საფასური იქნება 20 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის ღირებულება _ 15 ლარი და ბალისტიკა _ 20 ლარი, ჯამში _ 55 ლარი. ,,კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსშიც. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება: ფიზიკური პირის მიერ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო, ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგიტრაციის გარეშე ტარებისთვის _ 200 ლარი; ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური, ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციას დაქვემდებარებული სანადირო, ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობისთვის _ 400 ლარი; ისეთი პნევმატური იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, საქართველოში შემოტანის, ან გატანისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება _ 500 ლარი; დასახლებულ ადგილებში სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევამტური იარაღიდან სროლისთვის _ 200 ლარი; აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, ასევე განხორციელდება პნევმატური იარაღის კონფისკაცია. სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის პროექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს აგრეთვე ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის _ 2 000 ლარს და იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის _ 5 000 ლარს”, _ აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ,,ვერსია” მთავრობის საპარლამენტო მდივანს, გია ხუროშვილს დაუკავშირდა:

_ ბატონო გია, რატომ დაინტერესდა მთავრობა პნევმატური და სანადირო იარაღების რეგისტრაციით?

_ ზოგადად, პნევმატური იარაღი საკმაოდ განვითარებულია, რომლითაც შესაძლებელია როგორც ცოცხალი, ასევე _ არაცოცხალი მიზნის დაზიანება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პნევმატური იარაღის გამოყენებით, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგი დადგეს, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ან თუნდაც მისი სიკვდილი. აქედან გამომდინარე, დროის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ და ნებისმიერი, ამ ტიპის იარაღი ლეგალურ ბრუნვაში მოექცეს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პნევმატური იარაღის ტარება რეგისტრაციას დაექვემდებაროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეზღუდება იარაღის შეძენა, მისი ფლობის, ან შენახვის უფლება, მაგრამ თუ კონკრეტული ადამიანი პნევმატური იარაღის ტარებას გადაწყვეტს, ის დაექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, რეგისტრაციის გარეშე იარაღის ტარებისას კი პირი დაჯარიმდება. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ჩემთვის ყველაზე მეტად მისაღებია ის ფაქტი, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, სკოლის მოსწავლეს არ შეეძლოს, რომ პნევმატური იარაღის გამოყენებით, საქმე გაურჩიოს და დაჭრას თავისივე თანატოლი. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარი იქნება იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ამბობენ, რომ იარაღის ტარება უმნიშვნელო სამართალდარღვევაა და ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.

_ გამოდის, რომ 18 წლამდე პირებს პნევმატური იარაღის რეგისტრაციის უფლება არ ექნებათ?

_ ამას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგენს. ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის, რომ 18 წლამდე პირებმა ატარონ პნევმატური იარაღი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა თანაბრად დაცული უნდა იყოს და თუ სადმე პრევენციაც შესაძლებელია, სახელმწიფო ვალდებულია, ამ ტიპის ღონისძიებები გაატაროს.

_ რეგისტრაცია ძვირი იქნება?

_ კონკრეტული ოდენობა კანონპროექტით უკვე განსაზღვრულია და 55 ლარი იქნება, მაგრამ აქცენტების გაკეთება იმაზე, რომ ეს ცვლილება რეგისტრაციის თანხის მოზიდვას უკავშირდება, აბსოლუტურად მცდარია. ნებისმიერ შემთხვევაში, რეგისტრაციის წესი და პირობები გაითვალისწინებს იმას, რომ იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი თავის კონტროლის უნარი გააჩნია, ასევე შეუძლია გააკონტროლოს იარაღის მოხმარების წესები და ამით საფრთხე არ შეუქმნას საზოგადოებას.

_ ბატონო გია, ჯარიმების ოდენობა გაზრდილი ხომ არ არის?

_ არა, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არაფრად აგდებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს, ცდილობს, სახელმწიფოს რეგულაციის გარეშე ჰქონდეს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აბუჩად იგდებს საზოგადოებას, არანაირი შეღავათები ჯარიმებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. ზოგადად, ჯარიმას პრევენციული დატვირთვა აქვს, რა თქმა უნდა, ჯარიმის დაკისრებით, სახელმწიფო პოტენციურ სამართალდამრღვევს აფრთხილებს, რომ მან აღარ ჩაიდინოს ეს სამართალდარღვევა, მაგრამ თუ ამ გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანი მაინც ჯიუტად დაარღვევს წესებს, მან ჯარიმაც უნდა გადაიხადოს.

,,ეს სპორტული იარაღია, ლიცენზია რაში სჭირდება?”

რას ფიქრობენ მეპატრონეები ტირის ბიზნესზე რეგულირების დაწესების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებას შეიტანს, რომლის თანახმად ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისათვის, მეპატრონე 2000 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მან ნებართვის გარეშე გააგრძელა იგივე საქმიანობა, ჯარიმის ოდენობა 5000 ლარამდე გაიზრდება. ამავე საკანონმდებლო პაკეტით, აუცილებელი და სავალდებულო გახდება ნებართვის აღება ისეთი ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდისათვის, სადაც სროლა პნევმატური იარაღიდან მიმდინარეობს. ჯერ არ არის დადგენილი, რა ეღირება შესაბამისი ლიცენზიის აღება. კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ინიციატორი კი, მთავრობა გახლავთ. პოლიტიკურ კულუარებში უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული სფეროს რეგულირება მისი მონოპოლიზებისთვის იყოს გამიზნული და საქართველოში ჯერ კიდევ თავისუფალი ნიშა, ,,ვინმესთვის ემეტებოდეთ”. ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებების შეტანა მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის გახდა აუცილებელი. მით უმეტეს, რომ მათი მტკიცებით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ტირთან გასართობად მისულ ადამიანსაც კი, სერიოზული ზიანი მიუღია. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ ამაზე ტირის ობიექტის მეპატრონეები და რა პრობლემა შეიძლება შეექმნათ კანონის ამოქმედების შემდეგ.

შპ.ს ,,გიგ ჯგუფის” დირექტორის, დავით კომახიძის განმარტებით: ,,დღემდე პნევმატური იარაღის, ტირის და მსგავსი სასროლო სტენდის დადგმისთვის ლიცენზია საჭირო არ იყო. თუკი პარლამენტი ამას დაამტკიცებს და ლიცენზია საჭირო გახდა, კანონს დავემორჩილებით და როგორც წესია, ისე ვიმუშავებთ”. ტირის მეპატრონე დავით კომახიძე, არც იმას მალავს, რომ ტირი მსოფლიოში მომგებიან ბიზნესად ითვლება. გააჩნია, ვინ როგორ მუშაობს. ზამთარში, შემოდგომასა და ადრეულ გაზაფხულზე ტირს ძალიან ცოტა ადამიანი აკითხავს. ,,ამას ისიც ემატება, რომ ზოოპარკში შემოსვლის ღირებულება გაძვირდა. ამ სფეროს მომგებიანობა ხალხის მოძრაობაზეა დამოკიდებული. მოგება, ცხადია გვრჩება, თუცა არის თვეები, როცა ჩვენი ჯიბიდან გვიწევს არენდის, სხვა ხარჯების დაფარვა. ზოგადად, ეს სფერო სეზონურია, ზაფხულში შედარებით უკეთ ვმუშაობთ. ლიცენზია რომ ძალიან ძვირი ღირდეს, ვერ გადავიხდი. ყველა ბიზნესის შემოსავალი უნდა დაითვალოს და იმის მიხედვით დაწესდეს ლიცენზიის საფასური. ეს მცირე ბიზნესია და ზომიერება უნდა იყოს დაცული. მარტო ის არ არის, რომ ჩვენთან შემოსულ ადამიანს ფული გამოვართვათ, ვცდილობთ, მას იარაღის სიყვარული და გამოყენება ვასწავლოთ”, _ განაცხადა დავით კომახიძემ. შპს ,,ჩუბინი სნაიპერის” დირექტორი გელა ცინცაძე ამ სფეროს დარეგულირებასა და ლიცენზიის აუცილებლობას საჭიროდ მიიჩნევს. ,,მაქვს მოძრავი ტირები, რომელიც 2007 წელს მერიასთან შეთახმებით გავაკეთე. მაშინ ლიცენზია არ იყო საჭირო. მას მერე ძალიან ბევრმა გახსნა ტირი. ქობულეთში, მცირე ტერიტორიაზე, სანაპიროზე 27 ტირი იყო გახსნილი. მათგან ბევრი, უცოდინარმა გახსნა. ლიცენზია საჭიროა, რადგან ადამიანმა იარაღთან მოპყრობა უნდა იცოდეს. ვისაც იარაღთან შეხება არ ჰქონდა და ტირი გახსნა, ცუდი რაღაცები შეემთხვა. ისეც მოხდა, რომ ამით ადამიანები სერიოზულად დაშავდნენ. გასულ წელს, ბავშვს თვალთან ახლოს ტყვია მოხვდა. ამიტომ ამ სფეროს რეგულირება საჭიროა. მთელი ცხოვრება იარაღთან მაქვს შეხება და მასთან მოპყრობა ვიცი. ვინც ჩვენთან შემოდის, სროლასაც ვასწალით და ინსტრუქტაჟსაც ვუტარებთ. ისე არ არის, რომ ადამიანს იარაღი მისცე და გაასროლინო. ამას ცოდნა და სიფრთხილე უნდა. ასე რომ, მიმაჩნია, ამ სფეროს რეგულირება აუცილებელია. მეტიც, კარგი იქნება, ვინც ტირის გახსნის ლიცენზიას მოიპოვებს, რაიმე ტიპის ტრეინინგი გაიაროს, რათა იცოდეს, როგორ უნდა გამოიყენოს იარაღი და რა შეიძლება მოჰყვეს მის არასწორ გამოყენებას. მართალია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სათამაშო პნევმატურ იარაღთან, რომელსაც 4,5 კალიბის ტყვია სჭირდება, მაგრამ ამ ტყვიითაც კი შეიძლება ადამიანმა თვალი დაკარგოს, რაიმე სერიოზული დაზიანება მიიღოს ან დაიღუპოს კიდეც. თუ სწორად წარმართავ საქმიანობას, ყველა ბიზნესი მომგებიანია. მათ შორის, ტირის ბიზნესიც. შემოსავალი რომ არ მქონდეს, მოხალისე ნამდვილად არ ვარ”. ტირის მეპატრონე გელა მერებაშვილი ამ სფეროში ამხელა ოდენობის ჯარიმებს არასწორად მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ ტირის მეპატრონეებს ამდენი შემოსავალი არ აქვთ 2000 და 5000-ლარიანი ჯარიმა იხადონ. აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ტირის კიდევ ერთ მეპატრონეს, გელა მერებაშვილს. მისი თქმით, სპორტული იარაღი სახიფათო არ არის და, შესაბამისად, მას ლიცენზია საერთოდ არ სჭირდება. ,,პირველ ეტაპზე, გაფრთხილება უნდა იყოს. ეს ძალიან დიდი ჯარიმაა. პნევმატურ იარაღს ლიცენზია საერთოდ არ სჭირდება. ეს სპორტული იარაღია და ისეთი სახიფათო არ არის, როგორც ცეცხლსასროლი. შეიძლება ისეთი ფასი დაადონ ლიცენზიას, რომ მისი გადახედვა ვერ შევძლოთ და ობიექტის დაკეტვა მოგვიწიოს. თანაც, ეს სეზონური სამუშაოა _ შეიძლება დღეში 10-15 ლარიც ვერ შემოვიდეს. მაგალითად, ზამთარში, ყინვაში. საქართველოში ეს ბიზნესი არც თუ ისე მომგებიანია”, _ აცხადებს გელა მერებაშვილი.

მაია მიშელაძე ,ნინო ხარშილაძე

 http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1506-2012-04-04-15-21-11.html

საქართველოში 7 440 ბიბლიოთეკა დაიხურა!

2 ივლ

სად მიაქვთ წიგნები დახურული ბიბლიოთეკებიდან და რატომ არ იღებს ,,პალიტრა ელ”-ის წიგნებს საჩუქრად სასჯელაღსრულების სამინისტრო?

საქართველოში ბიბლიოთეკების დიდი უმეტესობა დაიხურა. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნებს სატვირთო მანქანაზე ყრიან და სად მიაქვთ, არავინ იცის. ხელისუფლება მედიათეკების შექმნას გვპირდება. ,,ვერსია” დაინტერესდა, რამდენად სწორია ბიბლიოთეკების დახურვა, სად მიდის და რა პირობებში ინახება წიგნები? ამის გასარკვევად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსს გურამ თაყნიაშვილს ესაუბრა:

_ 1991-92 წელს საქართველოში 8000 ბიბლიოთეკა იყო, სადაც 11 000 თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათგან 2/3 უმაღლესი სპეციალური განათლებით. ახლა მთელ საქართველოში 560 ბიბლიოთეკა დარჩა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბიბლიოთეკარებს აღარ ამზადებენ. ბიბლიოთეკათმცოდნეობის აღარც კათედრა და აღარც ფაკულტეტი აღარ არსებობს. ილიას უნივერსიტეტში ეს ფაკულტეტი დაიშალა და 5-6 წელიწადია, დიპლომირებული საბიბლიოთეკო დარგის სპეციალისტები აღარ გამოდიან. ეს დარგი პროფესიონალი ბიბლიოთეკარებისგან ნელ-ნელა იცლება. 2005 წელს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო ,,კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” და ბიბლიოთეკები სამართავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცა, რამაც ზოგიერთ გამგებელს ხელ-ფეხი გაუხსნა, თვითნებურად ემართა ეს სფერო. ზოგიერთ რაიონსა და მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები საერთოდ დახურეს. ზოგიერთ სოფელში _ საჯარო სკოლებს შეუერთეს. გორის რაიონს 44 ბიბლიოთეკა ჰქონდა და დღეს მხოლოდ გორშია საქალაქო ბიბლიოთეკა. იგივე მდგომარეობაა კასპში, ქარელსა და გარდაბანში. პირველად ბიბლიოთეკები აჭარაში გააუქმეს. იქ 50 ბიბლიოთეკა იყო, ახლა რეგიონის არც ერთ რაიონში სოფლის ბიბლიოთეკაც კი არ არსებობს. ყველაზე კარგად საბიბლიოთეკო ქსელი კახეთშია შენარჩუნებული. ფაქტიურად, მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურეობა ჩაიშალა. სკოლები ვერ ემსახურებიან სოფლის მოსახლეობის ყველა ფენას. ზოგიერთი დირექტორი აცხადებს, რომ გარედან მკითხველის შესვლა სასწავლო პროცესს ხელს შეუშლისო. რაიონში ერთი ბიბლიოთეკის დატოვება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკისა და კანონის დარღვევაა.

_ რატომ გადაიტანეს ბიბლიოთეკები სკოლებში, ნუთუ თითო ოთახი ვერ გამონახეს, ისინი თვითმმართველობის შენობებში დარჩენილიყო?

_ ძირითადად, ეკონომიკური მიდგომა იყო, ზოგიერთი გამგებელი ამბობდა, ბიბლიოთეკა წამგებიანი ორგანიზაციაა, ფული არ შემოაქვსო.

_ ბიბლიოთეკების დახურვის პროცესი დედაქალაქშიც მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მედიათეკები უნდა ააშენოს. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება?

_ თბილისში 80-მდე საქალაქო ბიბლიოთეკა გვქონდა, დღეს 40 დარჩა. შემცირების პროცესი გრძელდება. თვალი ისეთ ბიბლიოთეკებს დაადგეს, რომელიც ცენტრალურ ქუჩებზეა და კარგ შენობებშია განთავსებული. სხვათა შორის, როცა დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, თბილისში 10 საქალაქო ბიბლიოთეკის დატოვება მოინდომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. რაც შეეხება მედიათეკებს _ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორივე წიგნი გვაქვს _ ბეჭდურიც და ელექტრონულიც, მაგრამ მკითხველი ბეჭდურს ირჩევს. ელექტრონული წიგნის კითხვა, სავალდებულო კითხვითაა გამოწვეული, როცა, მაგალითად, სამეცნიერო ლიტერატურის წაკითხვა უნდა, მაგრამ შეიძლება ,,დიდოსტატის მარჯვენა” კომპიუტერში წაიკითხო? ასე, ერთი ხელის დაკვრით, ბიბლიოთეკების შემცირება, მოსახლეობის საინფორმაციო ინტერესებს დააზიანებს.

_ ბიბლიოთეკებში თანამშრომლებს იმ მოტივით ათავისუფლებენ, რომ შტატები გაბერილია, პარალელურად ახლებს, მაგრამ არაკვალიფიციურ თანამშრომლებს იღებენ…

_ საქალაქო ბიბლიოთეკებში შტატები ნამდვილად გაბერილია. გაერთიანებული ბიბლიოთეკის დირექცია წნეხის ქვეშაა. ერთი მხრივ, ეუბნებიან, შტატები შეამცირეთო, მეორე მხრივ, მერია სამუშაოდ ახალგაზრდებს აგზავნის, რომელთაც არაფერი იციან. ამდენი თანამშრომელი საჭირო არ არის, მაგრამ ადგილობრივი გამგებლები ამას არავის ეკითხებიან.

_ სად მიაქვთ წიგნები ბიბლიოთეკების გაუქმების შემდეგ?

_ თბილისის დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნები დაცვით ფონდებში გადავიდა, ნაწილი _ არსებულ ფილიალებში გადანაწილდა, ნაწილი _ სხვადასხვა დაწესებულებებს გადასცეს. რუსული ფონდი ჩამოიწერა. დარგობრივი ლიტერატურა, რომელსაც დაკარგული აქვს ღირებულება, მაკულატურაში ჩააბარეს. ჩამოწერის პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნის ერთი ეგზემპლარი დარჩენილია. რაც შეეხება წიგნების შენახვის რეჟიმს, ის ბევრგან დარღვეულია.Bბევრი ღირებული წიგნი წყალმა დააზიანა და გაანადგურა. რაიონების ბიბლიოთეკებსა და საწყობებში წიგნების ნაწილი ძალიან ცუდ პირობებშია”. მერია აცხადებს, რომ დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნების დიდი ნაწილი საპატიმროებს გადაეცემა, თუმცა პროცესი ჯერ დაწყებული არ არის და ვერც ის გავარკვიეთ, როდის დაიწყება. ეს დაპირება ძალიან დიდ ეჭვს იწვევს იმ ფაქტის ფონზე, რომელსაც პუბლიკაციაზე მუშაობისას გადავაწყდით _ 2 თვის წინ, გამომცემლობა ,,პალიტრა ელმა” სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა თხოვნით, ნება დაერთო საპატიმროებისთვის ახალი წიგნები ეჩუქებინა. მათ უარი არ უთქვამთ, თუმცა გამომცემლობის მესვეურები დღემდე ელოდებიან, როდის დასდებს სამინისტრო საჩუქრის მიღების პატივს. დროის გაყვანის მიზეზი გაუგებარია, მაგრამ ფაქტია… ახლა, რომელიმე გონიერი ადამიანი დაგვარწმუნებს იმაში, რომ უწყება, რომელიც უარს ამბობს, საჩუქრად მიიღოს მხატვრული ლიტერატურა (თანაც ისეთი წიგნები, რომელსაც თავად შეარჩევს) _ ციხეში ,,გრაფ მონტე კრისტოსა” და ,,დათა თუთაშხიას” საკუთარი ნებით შეიტანს? ,,ვერსიასთან” საუბარში ,,მედია პალიტრას” კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია ამ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ: ,,2 თვის წინ ნამდვილად გვქონდა ინიციატივა, ციხეში ჩვენი გამომცემლობის წიგნები საჩუქრად შეგვეტანა, მაგრამ რამდენჯერმე გადაგვიდეს. გვითხრეს, გამოგეხმაურებითო. გვეგონა, უწყინარი და კარგი სურვილი გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით, ლოდინის რეჟიმში ვართ. არადა, წიგნები თემატურად არ დაუწუნიათ და გაუგებარია, რატომ გვიწელავენ პროცესს. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ,,პალიტრა ელის” წიგნებისადმი აქვთ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება”.

ნინო ხარშილაძე

 

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1456–7-440-.html

 

,,ატსტუპნიკებმა” უვადო შიმშილობა დაიწყეს!

20 მარ

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც 40 000 ოჯახი აწერს ხელს, პარლამენტში შეიტანენ

რამდენიმე წელია, საქართელოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ,,ატსტუპნიკების” პრობლემა ვერა და ვერ მოაგვარა. ბოლო კანონი კი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ფაქტობრივად, 60 000 ოჯახს ქუჩაში ტოვებს. ,,ატსტუპნიკების” ერთი ჯგუფი დაუღალავად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად და საპროტესტო აქციებს აწყობს, თუმცა _ უშედეგოდ. მეორე დღეა, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობის აქცია დაიწყეს. იმის გამო, რომ თბილისში გაუსაძლისი ყინვებია, ისინი პოლიტიკური პარტია ,,მომავალი საქართველოს” ოფისში განლაგდნენ. ,,ვერსია” აქციის მონაწილეებს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, რა მოთხოვნები აქვთ ხელისუფლებისგან.

ალექსანდრე ჯღარკავა: ,,მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ბინების შეძენა ასე ხდებოდა. მეპატრონეს ფულს ვაძლევდით და ის ბინაში მუდმივად გვწერდა. კანონს არღვევდა მყიდველიც, გამყიდველიცა და სახელმწიფოც, თბილისში სხვა გზით ბინის ყიდვა შეუძლებელი იყო. საბინაო პროცესი ასე რეგულირდებოდა. ამ გზით ნაყიდი ბინიდან გასახლების უფლება არც მესაკუთრეს ჰქონდა და არც სახელმწიფოს. ჩვენ მესაკუთრის უფლებით ვსარგებლობდით. სახლმმართველობაში ვიყავით ჩაწერილები და ოფიციალურად აღიარებული ვიყავით, როგორც მუდმივმაცხოვრებლები. სახელმწიფომ ჩვენ უგულვებელგვყო და ამაში მათი ბიზნესინტერესები დევს. ჩვენი მოშორება უნდათ, რათა მენაშენეებსა და ინვესტორებს მხოლოდ მესაკუთრეებთან ჰქონდეთ მოლაპარაკება”. მაია კავასაძე: ,,ამჟამად ე.წ. ატსტუპნიკი 60 000 ვართ. საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი სახელმწფოს ეკუთვნოდა. ბინის ყიდვის უფლება არავის ჰქონდა და ვისაც 60 კვმ-ზე მეტი ფართის ბინა ჰქონდა, ართმევდნენ. ყიდვა-გაყიდვის პროცესი სიტყვიერი მოლაპარაკებით ხდებოდა. კანონიც ჩვენ მხარეს იყო. რომ მოეთხოვა მესაკუთრეს ჩვენთვის ბინის დაცლა, მას ბინას წაართმევდნენ, ამიტომაც ვერასოდეს ვერ ჩიოდნენ. ახალი კანონით, მესაკუთრეს უფლება აქვს, გადაგვიხადოს ბინის ღირებულების 75% და გაგვიშვას. ამ თანხით კი, დღეს ბინის ყიდვა შეუძლებელია. ბინები საბაზრო ღირებულებით კი არ ფასდება, არამედ აფასებს სამხარაულოს სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო. ,,ატსტუპნიკს” 6000-7000 დოლარი ხვდება. იმდენად დაუცველია ჩვენი უფლებები, რომ მეპატრონეს შეუძლია, ბინა გაგვიყიდოს. ამ ყველაფერს კი პრეზიდენტი ლობირებს”. ,,ვერსიასთან საუბრისას ერთ-ერთი მოშიმშილე აბესალომ წულეისკირი ადასტურებს, რომ ბინა მეპატრონემ უკვე გაუყიდა: ,,მესაკუთრემ ბინა გამიყიდა, არადა ამის უფლება არ ჰქონდა, სასამართლოში რომ ვიჩივლო, ეს სოლიდურ ხრაჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ მაქვს. ჩემი კუთვნილი ფართი გზის პირას არის, გაქირავებული მაქვს და ოჯახს ამით ვინახავ”. გულნარა ჯავახიშვილი: ,,70 წლის წინ ნაყიდი ბინის დაკანონება მინდა. მისი შვილიშვილი კი ბინის დაცლას მოითხოვს. მესაკუთრემ ფულიც რომ მომცეს, ვერაფერს ვყიდულობ. არც მე მაქვს საშუალება, ბინის ღირებულების 25% გადავიხადო და ერთხელ უკვე ნაყიდი ბინა გამოვისყიდო, ამიტომაც მოვითხოვთ ამ კანონის გაუქმებას და ბინების ჩვენ საკუთრებაში დაკანონებას”. ცირა ტურაშვილი: ,,ატსტუპნიკების პრობლემა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მოაგვარა, საქართველოს გარდა. ორი ოთახი და პატარა სამზარეულო მაქვს. მიჭირს და ვერ შევძლებ, იმ 25%-ის გადახდას. ფული რომც მქონდეს, კანონის თანახმად, ბინის გამოსყიდვის უპირატესი უფლება არ მაქვს. სასამართლოში რომ ვიჩივლო, შესაძლოა, მესაკუთრემ გადამიხადოს კაპიკები, ბინა გამოისყიდოს და მე ქუჩაში დავრჩე. იმ თანხით, გარეუნბანში, ერთოთახიან ბინასაც ვერ ვიყიდი”. ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზებით ეს აქციები 3 თვეა გრძელდება. აქციების გამართვას პარლამენტთან, მერიასთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც გეგმავენ: ,,მარტო თბილისში 40 000-მდე ,,ატსტუპნიკი” ოჯახია. ამას ემატება ,,ატსტუპნიკები” ბათუმში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში. მათ ამ ბინებში ფული გადახდილი აქვთ და ფართის დაკანონებას მოითხოვენ. თუკი ხელისუფლება ამაზე არ წამოვიდა, გაჩერებას არავინ აპირებს, აქციები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. ხელისუფლება მათ სასამართლოში ამისამართებს, მაგრამ დღევანდელი კანონი ,,ატსტუპნიკებს” ბინათმფლობელებთან თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს, რის გამოც, ეს ოჯახები ქუჩაში შეიძლება დარჩნენ, ამიტომაც ამ კანონის გაუქმებას და მათთვის ფართების დაკანონებას ვითხოვთ. უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა და 40 000 ხელმოწერა, რასაც პარლამენტში უახლოეს ხანებში შევიტანთ”.

ნინო ხარშილაძე

http://versia.ge/index.php/component/content/article/16-2009-04-15-13-21-23/1440-2012-03-19-13-08-39.html