ლაზეროეპილაცია _ ფუფუნება თუ სამკურნალო საშუალება?!

2 ივლ

რატომ ღირს ძვირი ლაზეროეპილაცია?

ჭარბთმიანობა ქალბატონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მისგან გათავისუფლების სხვადასხვა ხერხი არსებობს, თუმცა ყველაზე ეფექტურ და უმტკივნეულო პროცედურად ლაზეროეპილაცია ითვლება. ლაზეროეპილაციაზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ზაფხულში მატულობს, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რა ღირს საქართველოში ლაზეროეპილაცია და რამდენად ეფექტურია ჭარბთმიანობისგან თავის დასაღწევად.

„მედის” მარკეტინგის მენეჯერ ია გოგოლაძის განმარტებით: ,,ჭარბთმიანობის მკურნალობა ოქროს სტანდარტად აღიარებული ალექსანდრიტის ლაზერით ხდება. კლინიკაში წარმოდგენილი აპარატი ,,ჯენტლ-ლაზერ-პრო” ერთადერთი ექსკლუზიური ეგზემპლარია საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელიც წინამორბედი ლაზერული ტექნოლოგიებისაგან მძლავრი ენერგიით, სისწრაფით, უნიკალური გამაგრილებელი და მულტიფუნქციური სისტემებით გამოირჩევა. ალექსანდრიტის სხივი აღწევს თმის ფოლეკულამდე, თერმული ზემოქმედებით იწვევს მის ირგვლივ არსებული მკვებავი სისხლძარღვების კოაგულაციას და თმის ძირის დაშლას. პროცედურა ძალიან კომფორტულია, რადგან ტარდება სწრაფად, უკონტაქტოდ და კანის დაზიანების გარეშე. პროცედურა განმეორებას 2-თვიანი ინტერვალით საჭიროებს. რაოდენობა კი ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურია, რადგან დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებსა და ჰორმონალურ ცვლილებებზე. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ღირებულების დათვლა იმპულსების მიხედვით ხდება. ფიქსირებული ფასები კი ასეთია: ტუჩი _ 10-15 ლარიდან; ბაკები _ 25-30 ლარიდან; შუბლი _ 30 ლარიდან; სახე _ 70 ლარიდან; ხელები მთლიანად _ 50 ლარიდან; იღლია _ 25-30 ლარიდან; ბიკინი _ 50 ლარიდან”. ლაზეროეპილაციას ჩაჩავას კლინიკაშიც აკეთებენ და ფასები აქაც თმიანობის სიხშირესა და მის არეალზეა დამოკიდებული. თითოეული პროცედურის ფასი ასეთია: ულვაში _ 25-45 ლარამდე ღირს; ბაკები _ 40-300 ლარამდე; ნიკაპი _ 20-40 ლარამდე; იღლია _ 15-60 ლარამდე; ხელი იდაყვამდე _ 40-70 ლარამდე; მთლიანი ხელი _ 80-120 ლარამდე; ბიკინი 75 ლარი; შიდა ბიკინი _ 150 ლარი; მთლიანი ფეხის თმისგან გათავისუფლება 200 ლარი; წვივი _ 120-150 ლარამდე; ბარძაყი _ 140 ლარი. ,,ჩაჩავას კლინიკაში” ლაზეროეპილაცია დიოდის ლაზერით კეთდება. სპეციალისტი ნინო ონიანი ამბობს, რომ: ,,ნებისმიერი სახით თმის მოცილება, რაღაც ეფექტს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ კი არ ვაცილებთ არასასურველ თმას, ვმკურნალობთ ჭარბთმიანობას. როცა პაციენტი ამ პრობლემით მოგვმართავს და ეჭვი გვეპარება, რომ ეს გამოწვეული იყოს შინაგანი დარღვევით, მიზეზს ვიკვლევთ. კომპლექსურად გავდივართ კონსულტაციას გინეკოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. თუ პაციენტს რაიმე შინაგანი დარღვევა არა აქვს, პაციენტს პირველი ეპილაციის შემდეგ, განმეორებით თვენახევრის შემდეგ ვიბარებთ, ვინაიდან პირველი პროცედურის შემდეგ, თმის მხოლოდ 30%-ია განადგურებული. მეორე პროცედურის შემდეგ 2-3 თვეში დავიბარებთ. მესამეს შემდეგ კი საუკეთესო შედეგია. 1 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 5-6 პროცედურა დასჭირდეს და ჭარბთმიანობისგან საერთოდ გათავისუფლდეს, თუმცა ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ”. ლაზეროეპილაციის დროს ბევრ პაციენტს პრობლემა ექმნება, რადგან ეუბნებიან, რომ ქერა თმასა და ღინღლს ლაზერის აპარატი ვერ ხედავს და მისი მოშორება შეუძლებელია. ნინო ონიანი ამას აპარატის სიძველით ხსნის და აცხადებს, ,,დიოდის ლაზერის აპარატი სხვაგანაც არსებობს, მაგრამ წინა თაობისაა. ჩვენთან უახლესი მოდელია. რომელიც ყველა ტიპის თმას აშორებს _ უხეში თმა გადაჰყავს ღინღლის მდგომარეობაში და მასაც ვაშორებთ”. ლაზეროეპილაციის სიძვირეს კი სპეციალისტები მისი კომფორტულობით ხსნიან და ასეთ განმარტებას აკეთებენ, ,,ელექტროეპილაციის გაკეთებას 2 საათი სჭირდება, რასაც ჩვენ 5 წუთში ვაკეთებთ, თანაც, შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტს ელექტროეპილაცია, უფრო ძვირი დაუჯდეს. ფასი დამოკიდებულია კომფორტსა და ხარისხზე. დღეს კი დრო ფულია”. ლაზეროეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერით ,,კარაპს მედლაინშიც” აკეთებენ. ფასი აქაც მაღალია: ბაკები _ 30 ლარი ღირს; შუბლი _ 20 ლარი; ნიკაპი _ 20 ლარი; ლოყა _ 40 ლარი; ღაბაბი _ 40 ლარი; ყელი _ 35 ლარი; ღაწვი _ 22 ლარი; კისერი _ 40-70 ლარი; თითები _ 15 ლარი; ხელები _ 80 ლარი; ფეხები _ 150 ლარი; დუნდულო _ 60 ლარი; წვივი _ 70 ლარი; ბარძაყი _ 90-110 ლარი; წელი _ 60-90 ლარი; იღლია _ 60 ლარი; მუცელი _ 40-60 ლარი. კომპანიის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ნინო ბაჩიაშვილი კი ფასებთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას აკეთებს: ,,ლაზეროეპილაცია ფუფუნებაა და, შესაბამისად, ძვირი უნდა ღირდეს. ეს ხომ პირველადი მოხმარების საგანი არ არის?” ლაზეროეპილაცია რომ რაღაც პროცენტში ეფექტურია, ამას ექიმი დერმატოლოგი მაია მარიდაშვილიც ადასტურებს და ,,ვერსიასთან” საუბარში განმარტავს: ,,თანამედროვე მონაცემებით, ლაზერული ეპილაციის ეფექტურობა 85%-ია. დანარჩენი 15% ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაშია არაეფექტური. ეს კი, შესაძლოა, საკვერცხეებიდან ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებიდან იყოს გამოწვეული, რომელიც ქალებში მამაკაცური ტიპის თმიანობას იწვევს. ლაზეროეპილაციის პროცედურების სიხშირე კანის ტიპზეა დამოკიდებული, მაგრამ საერთო რეკომენდაციით, იგი 4-6 კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს ჭარბთმიანობისგან გათავისუფლება სამუდამოდ სურს, მან საჭირო პროცედურები ზედმიწევნით უნდა ჩაიტაროს, ვინაიდან თუკი თმის ბოლქვზე ზემოქმედება პერიოდულად არ მოხდა, ის აუცილებლად გაძლიერდება და, სავარაუდოდ, იმდენივე თმა ამოვა, რამდენიც მანამდე იყო”. ლაზეროეპილაციის სიძვირეს ექიმი-დერმატოლოგი მისი ელიტურობით ხსნის: ,,ძვირია, ალბათ იმიტომ, რომ ეს არის თანამეროვე მეთოდი და ელიტურად ითვლება. თვითონ აპარატიც ძვირია. კეთდება ელიტურ დაწესებულებებში, სადაც ყველაფერზე მაღალი ფასებია, თანაც თუ ჩვენ სოციალურ გარემოს გავითვალისწინებთ, ეს ფუფუნების საგანია. ყველა ვერ მისცემს თავს უფლებას, გადაიხადოს რამდენიმე ასეული ლარი ჭარბთმიანობისგან გათავისუფლებაში”.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1689-2012-05-23-12-53-01.html

 

დატოვე კომენტარი