რა სიახლეები ელოდება აბიტურიენტებს 2012 წლის ეროვნულ გამოცდებზე?

2 Jul

2012 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სურვილი 36 000 აბიტურიენტმა გამოთქვა. მათგან 3000-ზე მეტი არაქართულენოვანი აბიტურიენტია. გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს უნდა დამთავრდეს. ჩარიცხვა და საგრანტო კონკურსიც 20-დან 25 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. აბიტურიენტების უმრავლესობას სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს. ,,ვერსია” დაინტერესდა, რა სიახლეები იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რატომ დაფიქსირდა არაქართულენოვანი აბიტურიენტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა _ ამის გასარკვევად გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს ვესაუბრეთ: 

_ პირველი სიახლე უკვე გადავიარეთ. წელს, მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაცია იყო. გაუქმდა მეორადი ჩარიცხვები. სამაგიეროდ, აბიტურიენტს 2012 წელს, ნაცვლად 10-ისა 20 ფაკულტეტის ან უმაღლესი სასწავლებლის, არჩევანის გაკეთების საშუალება მივეცით. ასევე ცვლილება შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტის ფორმატში, რითაც ჩვენ აბიტურიენტებს გავუმარტივეთ გამოცდა და 100-ქულიანი ტესტი, 80-ქულიანი გახდა. საგამოცდო დრო ისევ 4 საათი რჩება. ქართული ენისა ლიტერატურის სავალდებულო გამოცდიდან ლიტერატურის ნაწილი ამოვიღეთ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, 2 კვირით ადრე გამოსაშვები გამოცდებია, სადაც მოწმდება იმ ლიტერატურული ნაწარმოებების ცოდნა, რომელიც სკოლაში ისწავლება. თანაც მისაღებ გამოცდებზე ერთ-ერთ არჩევით საგნად ქართული ლიტერატურა გვაქვს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში სავალდებულო გამოცდა, ძირითადად, ორიენტირებული ენობრივი კომპეტენციის შემოწმებაზე უნდა იყოს და არა კონკრეტული ნაწარმოებების ცოდნის. დანარჩენილი 4 დავალება ჩვენი აბიტურიენტებისთვის ცნობილია. უბრალოდ, ფუნქციური წერის დავალებას არგუმენტირებული ესე დაერქვა. ეს იმიტომ, რომ მათემატიკის ტესტის ბოლო ბლოკის დავალება ძალიან რთულია, ამის ამოხსნას მათემატიკის სერიოზული ცოდნა სჭირდება. ამიტომაც საშუალო და დაბალი მოსწრების მოსწავლეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი დავალება შეასრულონ, მაგრამ მათთვის, ვინც მათემატიკა არ იცის, იმ 4 მარტივი დავალების დამატება არაფერს შეცვლის.

_ რატომ გაუქმდა მეორადი ჩარიცხვები?

_ მეორადი ჩარიცხვების სისტემა 2005 წლიდან იყო. მისი ერთადერთი მოტივი ის გახლდათ, რომ აბიტურიენტებისთვის სასურველ ფაკულტეტებზე რომ ვერ ჩაირიცხნენ, კიდევ ერთი შანსი მიგვეცა და უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილები შეგვეთავაზებინა. უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც გაგვეწია გარკვეული სამსახური, რათა მათ საკონკურსო ადგილები არ დარჩენოდათ. მეორად ჩარიცხვებს გარკვეული მინუსიც ჰქონდა. პროცესი 15 სექტემბრამდე იწელებოდა. სწორედ ამის გამო, სტუდენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებზეც, ვინაიდან ამ შედეგებს ვაცხადებთ მაშინ, როცა მთლიანად დასრულებულია პროცესი. ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა უმაღლეს სასწავლებლებსაც. ისინი ვერ ახერხებდნენ დაეგეგმათ და ეფექტურად დაეწყოთ სასწავლო პროცესი 1-ლი სექტემბრიდან. იმის გამო, რომ 15 სექტემბრამდე ვერ ხდებოდა ჩარიცხვები და არ იცოდნენ, ვინ გახდა სტუდენტი და ვინ არა; ვინ მიიღო სახელმწიფო გრანტი, უმაღლესი სასწავლებლები ვერ აფორმებდნენ ხელშეკრულებებს სტუდენტებთან, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მეორადი ჩარიცხვები გაგვეუქმებინა, მაგრამ აბიტურიენტებმა თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნონ, არჩევანის უფლება გავუზარდეთ.

_ 2012 წელს სახელმწიფო გრანტს რამდენი აბიტურიენტი მიიღებს?

_ ჯერ არავინ იცის. ეს გამოცდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ, დაახლოებით, 9 000-მდე სტუდენტს შეეხება მთლიანი ან ნაწილობრივი დაფინანსება.

_ 2012 წელს, გასულ წლებთან შედარებით, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი აბიტურიენტების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, ეს რითაა განპირობებული?

_ სერიოზული ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს ახალგაზრდები დაგვებრუნებინა, სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინათ, რათა მომავალში ამ ადამიანების საქართველოში ინტეგრაცია მოხდეს. არაქართულენოვანი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობას ენის პრობლემა აქვთ, ამიტომაც უკვე მეორე წელია, მათთვის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა არსებობს. როგორც ჩანს, მათ დაინახეს ამ პროგრამის ეფექტურობა და ამიტომაც გაცილებით მეტმა მოინდომა სწავლა განაგრძოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მათი ჩარიცხვა მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგებით ხდება, რომელსაც სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე აბარებენ. ერთი წელი ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას და სათანადო კრედიტ-ქულების დაგროვების შემდეგ, შეუძლიათ პირველ კურსზე გადასვლა. გასულ წელს ორმა აფხაზმა აბიტურიენტმა ისარგებლა ამ შეთავაზებით და ორივე სტუდენტი გახდა. განსხვავებით სომხური და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისა, ეს არ არის ზოგადი უნარების ალტერნატივა. ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაცვლად, აფხაზურ ენასა და ლიტერატურას აბარებენ, რადგანაც აფხაზური ენა, კონსტიტუციით, მეორე სახელმწიფო ენაა აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სავალდებულო გამოცდა, ქარულ ენასა და ლიტერატურაში იმის შემოწმებაა, თუ რამდენად კარგად ფლობს აბიტურიენტი სახელმწიფო ენას. ამდენად, აფხაზ აბიტურიენტებს აქვთ შეთავაზება, უნდათ ქართული ენა და ლიტერატურა ჩააბარონ, უნდათ _ აფხაზური ენა და ლიტერატურა. ზოგადად კი, აფხაზურენოვანი სკოლა არ არსებობს. აფხაზეთში აფხაზურ სკოლაში დაწყებითი კლასები, პირველი მე-4 კლასი არის სწავლა აფხაზურად, მერე კი ყველა საგანი რუსულად ისწავლება. სამაგიეროდ, სავალდებულო საგანია აფხაზური ენა და ლიტერატურა. როცა ტესტის შექმნა მიმდინარეობდა გასულ წელს, ჩვენმა ფილოლოგებმა ძალიან საინტერესო რამ აღმოაჩინეს, არის ბევრი თანაკვეთა ნაწარმოებებსა და ავტორებს შორის. აფხაზეთში აფხაზურ სკოლებში ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ასწავლიან. ეს კარგია, თუმცა არც უნდა გაგვიკვირდეს. რაც შეეხება ოსურს, ის სახელმწიფო ენა არ არის. ჩრდილო ოსეთშიც არ არსებობს ოსურენოვანი სკოლა. იქაც 4 კლასი ისწავლება ოსურად, შემდეგ სწავლა რუსულად გრძელდება, მაგრამ სავალდებულო საგნად ასწავლიან არა ოსურ ენასა და ლიტერატურას, არამედ რუსულ ენასა და ლიტერატურას, ამიტომაც მათ ალტერნატივას ვერ ვთავაზობთ. ზოგადად, აბიტურიენტებს ვეუბნებით, რომ უნდა ჩააბაროს სავალდებულოდ სახელმწიფო ენა. აფხაზეთში სახელმწიფო ენა აფახაზურია, მაგრამ ჩვენთან ოსებისთვის სახელმწიფო ენა ოსური არ არის.

_ სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები საერთო საგრანტო კონკურსში იღებენ მონაწილეობას?

_ არა, მათთვის ცალკე ჯიბეა გამოყოფილი, თუმცა იქაც ყველა არ დაფინანსდება, იმუშავებს რანჟირების სისტემა და საუკეთესო 100 აზერბაიჯანელი და 100 სომეხი აბიტურიენტი დაფინანსდება.

_ პროფესიულ პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვა რის მიხედვით მოხდება?

_ მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. ისინი დარეგისტრირების დროს არ უთითებენ არც სპეციალობას, არც უმაღლეს სასწავლებელს. თუკი წარმატებით გადალახა ზოგადი უნარების გამოცდა, მერე აკითხავს უმაღლეს სასწავლებელს და ხდება მათი პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა.

_ რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა, რომ გამოცდიდან არ მოიხსნას?

_ არ უნდა დაიგვიანოს. არ უნდა მიიღოს ზედმეტი შენიშვნები, ვინაიდან 2 შენიშვნის შემდეგ, აბიტურიენტი გამოცდიდან იხსნება. საგამოცდო სექტორში არ შეიტანოს ზედმეტი ნივთები და ზედმიწევნით შეასრულოს ინსტრუქცია.

ნინო ხარშილაძე

 

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1540–2012-.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: