გალის სკოლების 800-მდე პედაგოგი დახმარებას ითხოვს!

2 Jul

ორიოდე კვირაში, საქართველოს ხელისუფლება 26 მაისს პომპეზურად იზეიმებს, პრეზიდენტი, თავისი კარგად ნაპატიები მინისტრებიანად, ისე საგულდაგულოდ გაეჯგიმება უახლესი სამხედრო ტექნიკით აღჭურვილ ჯარს და ისეთი სახით მისცემს სალამს, თითქოს ოკუპირებული და ტერიტორიებდაკარგული საქართველოს მეთაური კი არა, დიდგორისომმოგებული დავით აღმაშენებლის ჯარის მთავარსარდალი იყოს. ალბათ, ტაშ-ფანდური და გრანდიოზული კონცერტებიც გაიმართება, ნიანგის ცრემლებიც უხვად დაიღვრება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალზე, მაგრამ არავის გაახსენდება, რომ იქ, საქართველოს აფხაზეთში, ჩვენი თანამემამულე ქართველები, ისინი, ვინც საკუთარი კერა არ მიატოვეს, ყოველდღიურად იმაზე დიდ გმირობას სჩადიან, ვიდრე ყველა ქართველი მეომარი ერთად ჩაიდენს ბრძოლის ველზე. აფხაზეთისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ გრძელდება მხოლოდ იმ შვილმკვდარი დედებისთვის, ვინც ნაფერები ვაჟკაცები საქართველოს მთლიანობას შესწირა და დღეს იქ დაბრუნებას ელოდება, მათი სისხლით მორწყულ მიწაზე თითო წმინდა სანთელი რომ აანთოს. აფხაზეთისთვის ბრძოლა გრძელდება მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, ვისი მშობლებიც გალში დარჩა თუ მოგვიანებით დაბრუნდა და დღეს ჩვენთვის, ენგურსაქეთ დარჩენილებისთვის, ოდესღაც დაკარგული სამშობლოს დაბრუნების იმედად იქცა. აფხაზეთისთვის ბრძოლას აგრძელებენ ის ბავშვები, ვისაც რუსი ოკუპანტები თუ აფხაზი სეპარატისტები სასიკვდილოდ იმეტებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩანთაში სიმწრით ნაყიდი თუ ნაჩუქარი, გაცრეცილი დედა ენა უდევთ და საქართველოს ისტორიას ქართულად სწავლობენ! აფხაზეთისთვის ბრძოლას აგრძელებენ ის პედაგოგები, ვინც გალის რაიონის სოფლების სკოლებში, საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ქართველ ბავშვებს ასწავლიან, რომ ქართველია. თუმცა მათ ბრძოლას კიდევ ერთი ემატება _ ბრძოლა არსებობისთვის, გადარჩენისთვის _ ბრძოლა საკუთარ, გაზულუქებულ ხელისუფლებასთან. იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც საკუთარი ხელფასი და რამდენიმეათასლარიანი პრემია არასდროს ავიწყდება, სამაგიეროდ, შეუძლია 3 თვე ხელფასი არ გადაუხადოს გალელ პედაგოგებს და სინდისმაც კი არ შეაწუხოს! ორიოდე დღის წინ, რედაქციაში გალელი პედაგოგები დამიკავშირდნენ და მუდარით ითხოვეს დახმარება, გაგვერკვია, რატომ არ უხდიან 3 თვის სახელფასო დავალიანებას. ამ ისტორიას ქვემოთ დაწვრილებით გიამბობთ, რეპლიკის სახით კი შევნიშნავ _ ოცნებაშიდაკარგულებმაც და საკუთარი ფერფლის ხან ანაკლიის და ხანაც კახეთის მიწაზე მიმოფანტვის მსურველებმა, იქნებ ჯერ იმ ქართველებს მიხედოთ, ვისთვისაც თქვენგან მიწოდებული 200 ლარი იქ, აფხაზეთის საქართველოში, მილიონების ტოლფასია! მაია ფურცელაძე,

მთ.რედაქტორი

,,სააღდგომოდ, გალში მცხოვრებ პედაგოგს, ხელფასს რომ არ მისცემ, ეს ადამიანობაა, ისედაც რა გაჭირვებასა და შიშში გვიწევს ცხოვრება!”

მართალია, ქალბატონმა, რომელიც რედაქციაში დაგვიკავშირდა, ვრცელი ინტერვიუ არ ისურვა, მაგრამ ,,ვერსიამ” მოახერხა, ერთ-ერთ პედაგოგთან დაკავშირება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, თუ რამდენად მასიურია ხელფასის გაუცემლობის ფაქტი. პედაგოგი, რომელის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო, არ ვასახელებთ, ინფორმაციასაც გვიდასტურებს და იმასაც არ მალავს, რომ 800 მასწავლებელი უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება: _ ამა წლის პირველი კვარტლის ხელფასი მარტი ბოლოს უნდა აგვეღო, მაგრამ დღესაც არ არის ჩარიცხული და გვეუბნებიან, ბანკში ფული არ არისო.

_ რამდენი თვის ხელფასი გაქვთ ასაღები?

_ 3 თვის _ იანვარი, თებერვალი, მარტი. ეს ფული დღემდე არ აგვიღია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ისედაც რამხელა პრობლემები გვაქვს. გალის სკოლის პედაგოგების უმეტესობას, 50 ლარს ზევით ხელფასი არა აქვთ.

_ რატომ?

_ ჩვენ ხელფასს გალიდანაც გვიხდიან, რუსულ ფულზე, მაგრამ ეს თანხა ქართულ ფულზე 50 ლარი გამოდის. ქართული მხრიდან ყველა პედაგოგს თვეში 200-ლარიანი კომპენსაცია გვეძლევა, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ გაკვეთილს ატარებს პედაგოგი, ყველას ერთნაირად გვიხდიან. საქართველოს განათლების სამინისტრო კი, ბოლო ორი წელია, ხელფასს სულ გვიგვიანებს. გასულ წელსაც ასე გაგვიკეთეს. ჩვენ ხელფასს სხვანაირად ვიღებთ.

_ სხვანაირად როგორ?

_ 3 თვის ხელფასს ერთად ვიღებთ. ანუ ყოველი კვარტლის ბოლოს 600 ლარს გვაძლევენ. ამის მიზეზად გვითხრეს, რომ თქვენ ზუგდიდში ხშირად ვერ გადმოდიხართ, ამიტომ 3 თვის ხელფასს ერთად ჩაგირიცხავთო.

_ ხელფასის აღებაზე პრობლემა კიდევ რამდენჯერ შეგექმნათ?

_ ბოლო ორ წელია, ხელფასს სულ დაგვიანებით გვაძლევენ. რომ დავურეკავთ, სულ გვეუბნებიან, აფხაზეთის განათლების სამინისტრო აზუსტებდა პედაგოგთა სიებს, დაგვიანება ამიტომ მოხდა, ახლა კი ერთ კვირაში იქნებაო; აი, წუთი-წუთზე, დღეს თუ არა, ხვალ ჩაგერიცხებათო და ასე, დაუსრულებლად გვატყუებენ. დეკემბერში, საახალწლოდაც არ მოგვცეს ხელფასი. 3 თვის ხელფასი იანვარში ავიღეთ. სააღდგომოდ გალში მცხოვრებ პედაგოგს რომ ხელფასს არ მისცემ, ეს ადამიანობაა, ისედაც რა გაჭირვებასა და შიშში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა. უკვე მაგათთან დარეკვა მოგვბეზრდა. არადა, ეს პრობლემა დღეს გალის რაიონის ყველა პედაგოგს უდგას, არც ერთს ხელფასი ჩარიცხული არ აქვს. გალის რაიონში სულ 800 პედაგოგია”. ,,ვერსია” შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ იღებენ ამ დრომდე გალელი პედაგოგები ხელფასს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ აფხაზეთის განათლების სამინისტრო პედაგოგთა სიებს აზუსტებდა. სიების დაზუსტების შემდეგ, საჭირო იყო პროცედურული საკითხების ორგანიზება, რაც უკვე დასრულდა და გალელი პედაგოგები ხელფასს უახლოეს დღეებში მიიღებენ. ,,ვერსია” იმის გარკვევასაც შეეცადა, რატომ ვერ გადამოწმდა 4 თვის განმავლობაში სიები და ამის გასარკვევად აფხაზეთის განათლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თეონა ბაბილაია განმარტავს: ,,პედაგოგთა სიები მარტის შუა რიცხვებში საქართველოს განათლების სამინისტროსთვის უკვე გადაგზავნილი გვქონდა, მაგრამ ამ დროისთვის გალის სკოლას 10 ახალი პედაგოგი დაემატა, საჭირო იყო მათი მონაცემების დამატებაც, ამიტომაც ეს პროცესი გაიწელა. ახლა ყველაფერი დასრულებულია და ისინი სამშაბათს ხელფასს მიიღებენ”.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1634–800-.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: