ქსეროქსის მეპატრონეებს ,,საავტორო უფლებების ასოციაციის” ლიცენზიის ყიდვა მოუწევთ!

20 Mar

გაძვირდება თუ არა ქსეროასლის გადაღება და რა დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ ასლგადამღები აპარატის მეპატრონეებს?

ქსეროასლების გადამღები აპარატის მეპატრონეებს მალე ,,საავტორო უფლებების ასოციაციის” ლიცენზიის ყიდვა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევში, მათ სასწავლო ლიტერატურის ქსეროასლის გაკეთება არ შეეძლებათ, რა ცვლილებები შედის ამ სფეროში, რა თანხით დაჯარიმდებიან კანონის დამრღვევები და გაძვირდება თუ არა ქსეროასლის გადაღების ფასი, ამის გასარკვევად ,,ვერსია” ,,საავტორო უფლებების ასოციაციის” თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს ესაუბრა:

_ კანონის შესაბამისად, საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დადგინდა ტარიფი ასლგადამღები აპარატით სასწავლო ლიტერატურის, სასწავლო მიზნით ასლების გადაღებისათვის. ეს გადასახადი, პირველ რიგში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ეხება, რომლებიც სტუდენტებისთვის სასწავლო ლიტერატურას ამრავლებენ. ასევე შეეხება ბიბლიოთეკებს, რომლებიც ახორციელებენ მსგავს მომსახურეობას და უზრუნველყოფენ ასლგადამღები აპარატის მეშვეობით წიგნების ან მათი ნაწილის გადაღებას. ტარიფი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგინდა. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ სასწავლო ლიტერატურის ავტორები მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. დღემდე ასლების გადაღება ნებართვისა და ავტორთან შეთანხმების გარეშე ხდება, რაც იწვევს ამ წიგნების რეალიზაციის კლებას და ავტორს ახალი წიგნის შექმნის სტიმულს ართმევს. რამდენიმე დღის წინ, ჩვენთან ლიცენზია გააფორმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა. მათ მიერ გადაღებულ ყველა ასეთ ასლზე საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი, ეს თანხა კი წიგნების ავტორებს გაუნაწილდებათ.

_ რამდენით გააძვირებს ეს გადაწყვეტილება ქსეროქსის ფასს?

_ ქსეროქსზე ასლების გამრავლებისAფასი არ შეიცვლება. ეს არ აისახება არც სტუდენტებზე, არც მომხმარებელზე. გადასახადს თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადაიხდის იმ მოგებიდან, რომელსაც ასლების გამრავლებით იღებს.

_ რამდენია გადასახადი?

_ მთელი თვის განმავლობაში გადაღებულ ასლებზე, თვეში 35 ლარი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ავტორთა ასოციაციას უნდა გადაუხადოს. ასევე, უნდა მოგვაწოდოს იმ სასწავლო ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის გადაღებაც მოხდა, რათა ეს თანხა ავტორებს გადავუნაწილოთ.

_ წიგნის ავტორი აუცილებლად ავტორთა ასოციაციის წევრი უნდა იყოს?

_ არ არის აუცილებელი. კანონი გვავალდებულებს, ყველა ავტორს კუთვნილი ჰონორარი შევუგროვოთ და მისი საავტორო უფლება დავიცვათ.

_ ყოველთვიურად, 35 ლარი ერთმა უნივერსიტეტმა უნდა გადაიხადოს, თუ ერთმა ფაკულტეტმა?

_ 35 ლარის გადახდა ყველა ჩვენ ლიცენზიანტ სუბიექტს მოუწევს ანუ ყველა იმ ფაკულტეტს, რომელიც ასლებს აკეთებს. ორგანიზაცია, რომელიც მსგავს მომსახურებას ეწევა, ჩვენგან იძენს საავტორო უფლების გამოყენების ლიცენზიას, ხოლო ულიცენზიოდ წარმოებული საქმიანობა დარღვევად ჩაითვლება და ავტორს სრული უფლება აქვს, უჩივლოს კიდეც.

_ ქუჩაში წიგნების გადაღების პროცესს როგორღა დაარეგულირებთ?

_ ბიბლიოთეკები სტუდენტს წიგნს გარეთ არ ატანენ. ასალს ადგილზე იღებენ. ამიტომ ეს წესი ბიბლიოთეკებზეც ვრცელდება. ასევე სალიცენზიო პირობაში ჩადებულია, რომ ქსეროასლის გადაღების ფასი არ უნდა გაძვირდეს. ასეთი ხელშეკრულება, ჯერჯერობით, მარტო უნივერსიტეტთან გვაქვს გაფორმებული, უახლოეს პერიოდში სხვა სასწავლებლებთან და ბიბლიოთეკებთანაც ვაპირებთ. ამის გაკეთება არ არის ნებაყოფლობითი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის შესაბამისად, სავალდებულოა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. ჩვენ თუ პრეტენზია გვაქვს, რომ განვითარებული ქვეყანა ვართ. ეს კანონი უნდა დავიცვათ. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს, რაც შეადგენს 500 ლარს, ანდა მივმართავთ სასამართლოს.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1322-2012-02-20-12-06-57.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: