,,ვიცი, რომ ვაკანსიები არ არის! ამ კონკურსს იმიტომ ატარებენ, ლომაიასდროინდელი კადრები მოიშორონ”

20 Mar

სკოლის დირექტორები საარჩევნო ბატალიებს ეწირებიან!

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორობის მსურველთა კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა 2012 წლის აპრილში 2 ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველები ინდივიდუალურ ტესტირებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაივლიან. ვინც ტესტირებას წარმატებით გაივლის, გასაუბრებაზე დაიშვება. ორივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი, მას სერტიფიკატს გადასცემენ. თუმცა, შესაძლოა, მას საბოლოოდ მხოლოდ ნერვიულობა, ორი გამოცდის ჩაბარება და ,,გამოუყენებელი” სერტიფიკატი შერჩეს, რადგან სკოლაში არავინ წარადგენს _ თუ ლომაიას მინისტრობის დროს, გამოცდებზე წარმატებით გასული კანდიდატების საუკეთ ესო 20% სკოლას თავად ირჩევდა, დანარჩენებს კი სკოლებში ლოტოტრონი ანაწილებდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. როგორც გავარკვიეთ, მინისტრი სკოლაში თავად წარადგენს ერთ ან რამდენიმე კანდიდატს. ერთ-ერთმა დირექტორმა, პირად საუბარში ისიც კი გაგვიმხილა, შაშკინს უთქვამს, ანკეტებს გადავხედავ და ჩემი სურვილისამებრ შევარჩევ დირექტორებსო. სწორედ ამ მოტივით, მოქმედი დირექტორები, ამ კონკურსზე გასვლისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ გამოცდების ჩაბარებას აზრი არ აქვს. მით უმეტეს, ეს კონკურსი მათთვის სავალდებულო არ არის _ მათ ვადა მხოლოდ 2013 წლის გაზაფხულზე ეწურებათ. რა ხდება დირექტორების შესარჩევი კონკურსის გარშემო? ამ კითხვაზე პასუხი განათლების ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს აქვს, რომელიც ,,ვერსიასთან” ზოგადად, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსაც აფასებს:

_ ამ ხელისუფლებას მცოდნე და მაღალკვალიფიციური კადრი არ სჭირდება! ყველა თანამდებობაზე ხალხს პარტიული ნიშნით ნიშნავენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქმედ დირექტორებს ჯერ ვადა არ ამოწურვიათ. აცხადებენ, კონკურსგავლილ ადამიანებს იმ სკოლებში წარვადგენთ, სადაც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლები არიანო. როგორ შეიძლება, სკოლებში ამდენი წლის განმავლობაში, მასიურად ჰყოლოდათ მოვალეობის შემსრულებლები? აქ საქმე სხვა რამესთან გვაქვს _ როგორც ვიცი, დირექტორების ვაკანსიები არ არის! ამ კონკურსს იმიტომ ატარებენ, რომ კახა ლომაიას დროს დანიშნული დირექტორები მოიშორონ. მინისტრები იცვლებიან და საერთოდაც, ხელისუფლებაში ცვლილებებია. ახლა არჩევნებზე ძალაუფლების გადასანაწილებლად მიდის დიდი ბრძოლა. არჩევნები კი, ძირითადად, სკოლებში ტარდება _ საარჩევნო ადმინისტრაციაც სკოლებშია მობილიზებული და სკოლის დირექტორებზე და მათ პოლიტიკურ განწყობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ბოლო სამი წელია, კახა ლომაიას დროს დანიშნულ დირექტორებს ხსნიან და ახალ კადრებს ნიშნავენ. ეს ყველაფერი კი პოლიტიკური ნიშნით ხდება. ლომაიას მინისტრობის დროსაც უვიცი კადრები მოიყვანეს. ისინიც ბევრ რამეს აფუჭებენ. ზოგმა საერთოდ ვერ გაართვა თავი დირექტორობას, ზოგი საერთოდ, გიჟი იყო, მაგრამ ახლაც არ არის საქმე კარგად. ადგილობრივი არჩევნების წინ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბაგა-ბაღის გამგეები და სკოლის დირექტორები მოხსნეს. მერად კენჭს გიგი უგულავა იყრიდა და მას თავისი კადრები სჭირდებოდა. იგივე მეორდება ახლაც. ფაქტობრივად, ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად ხელისუფლების შიგნითაც მიდის. ,,ნაცმოძრაობა” ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს, ამიტომაც მათი პარტიის წიაღიდან უნდა გამოიკვეთოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო, პრემიერის კანდიდატურები და ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოსვლა მოახერხონ. არადა, რამდენიმე ათეული დირექტორი ხომ გაათავისუფლეს. ახლაც იგივეს აპირებენ. კონკურსგავლილი დირექტორები კი მზად უნდა ჰყავდეთ, რომ მერე დანიშნონ. დიმიტრი შაშკინი ამ კონკურსს პირველად არ ატარებს. ადრეც ჩატარდა, მაგრამ სერტიფიკატი ვინც აიღო, ყველა არ წარადგინეს სკოლაში დირექტორად. ეს ყველაფერი საარჩევნო ბატალიების გამო ხდება.

_ ანუ ხელისუფლებას სკოლებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე თავისი კადრები სჭირდება?

_ კი, კონკურსები და შერჩევაც პოლიტიკური ნიშნით ტარდება!

_ განათლების სამინისტრო წარმატებულ პროექტებად მიიჩნევს ინგლისური ენის პედაგოგების ჩამოყვანას და ქართულის მასწავლებლების გაგზავნას არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროგრამებს?

_ ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა, გარდა ჩვენი ხელისუფლებისა, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ღონისძიებებშიც შედის. ასეთი პროგრამა უმაღლეს სკოლაშიც ამოქმედდება. მაგრამ, ჩვენთან მასიურად არაპროფესიონალები ჩამოდიან და კარგი შედეგიც ნაკლებადაა. ყველა ბავშვი კვლავ რეპეტიტორთან ემზადება. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა და არც რაიმე შეღავათის მომტანია ეს პროგრამა. არ შეიძლება, ერთმა უცხოელმა მასწავლებელმა 1000 და თუნდაც 200-ბავშვიან სკოლას ასწავლოს. ეს ყოვლად დაუშვებელია. ისინი ენის ათვისებაში ვერც მასწავლებლებს ეხმარებიან _ მათ უმრავლესობას არ აქვს პედაგოგიური განათლება და როგორ უნდა ჩაუტაროს მასწავლებელს ტრენინგი? რაც შეეხება მეორე პროგრამას ,,ასწავლე საქართველოსთვის”, ესეც არაეფექტურია. ყველა სახელმწიფო სკოლა უნდა გადავიდეს ქართულად სწავლებაზე. ამის შემდეგ, იქ მასწავლებელიც ისეთი დარჩება, რომელმაც ქართული იცის და ბავშვიც ისწავლის ქართულს. მხოლოდ ეს გამოასწორებს ამ სიტუაციას. სხვა ყველა პროგრამა არაეფექტური იქნება. თანაც, იქაც იგივე სიტუაციაა _ 700, 900, 1200-ბავშვიან სკოლას ერთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰყავს. 1200 ბავშვს რომ ასწავლოს ადამიანმა, მათთან რომ ბოლომდე დაიხარჯოს, 1-2 თვეში მოკვდება. ამიტომაცაა ეს პროგრამები არაეფექტური ისევე, როგორც მანდატურების საქმიანობა სკოლებში.

_ მანდატურებს რაღას ერჩით?

_ ამასთან დაკავშირებით, ცუდი ინფორმაციები მაქვს. ზოგადად, მანდატურის სამსახური სკოლებს ძალიან ავიწროვებს. მეტადრე ახლა, როცა ისინი კერძო სკოლებშიც შედიან. სკოლის საქმეში ერევიან. როგორ შეიძლება კერძო სტრუქტურაში სახელმწიფო შეიჭრას? ის არ კმარა, ხელისუფლება კერძო სკოლების სტანდარტებს რომ აკონტროლებს, ავტორიზაციას, აკრედიტაციას და ტესტირებას სთხოვს?! მაგრამ კერძო სკოლებში მანდატურები იმიტომ შეჰყავთ, რომ თავისი ხალხი დაასაქმონ. თანაც, მანდატურს, 3 მასწავლებლისოდენი ხელფასი _ 650 ლარი, განათლების სამინისტრომ კი არა, თავად კერძო სკოლამ, თავისი ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადოს.

_ 1-ლი იანვრიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მოძრაობის ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, მოსწავლე სასწავლო პროცესის დროს შენობას ვერ დატოვებს. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, კლასის ხელმძღვანელმა, მთელი კლასი კარამდე უნდა ჩამოაცილოს, ანგარიში მანდატურს ჩააბაროს და მოსწავლეს მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება სკოლიდან გავიდეს. ამ წესს როგორ შეაფასებთ?

_ ადრე დირექტორი იყო ვალდებული დილით ყველა ბავშვს კართან დახვედროდა და გაკვეთილების შემდეგ გაეცილებინა კლასი. აქ უჩვეულო არაფერია. დიახ, კლასის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს და გააცილოს მოსწავლეები.

_ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბერში ,,პროფესიული გადამზადების და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, რეგიონებში 20 000 ადამიანს უფასოდ გადაამზადებენ. ეს პროექტი დედაქალაქში რატომ არ ტარდება?

_ განათლების სამინისტროს მხოლოდ ბავშვებისა და სტუდენტების განათლება კი არ ევალება, ფართო მასების განათლებაც უნდა უზრუნველყოს. ეს პროგრამა რეგიონებში იმიტომ ტარდება, რომ იქ უფრო მეტადაა საჭირო. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რეგიონებზე აქცენტს მოახლოებული არჩევნების გამო აკეთებს. მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლებას რეგიონებში უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომ ურჩევნიათ, ის ხალხი მოიმადლიერონ, ვისგანაც მეტი ხმა მოაქვთ.

_ მაგისტრების დაფინანსება ყოველწლიურად იკლებს. 2011 წელს, მაგისტრანტების უმრავლესობა დაფინანასების გარეშე რატომ დარჩა?

_ ესეც, ალბათ, საარჩევნო ბატალიებითაა განპირობებული. არჩევნებისთვის ხელისუფლებას ფული ძალიან სჭირდება და აღარ იცის როგორ, რა გაუგონარი გადასახადებიდან ამოიღოს ხალხის ჯიბიდან ეს თანხა. ხან ტელეფონზე გვაჭრიან 20 თეთრს, ხან დენის გადასახადზე ნაგვის გადასახადს აბამენ… ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკა კი არ ყვავის და იფურჩქნება, არამედ ყველაფერი დაჭკნა. ,,ვარდებიც” დაჭკნა და ეკონომიკაც. საქართველოში საშინელი ფინანსური კრიზისია. ხელისუფლებას ერთადერთი ის დარჩა, რომ ფული უფულო ხალხისგან ამოქაჩოს. ხელისუფლებას განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდა, რაც მთავარი დამფინანსებელი, ბიძინა ივანიშვილი აღარ უდგას გვერდით.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/1318-2012-02-20-11-57-27.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: