,,აბა, ახლა ამათ ადამიანობა აქვთ?!… შეგიტყუებენ და მერე ,,გწველავენ”

16 Feb

რას უკრძალავენ ,,psp”-ს ახალ კლინიკაში პაციენტებს, მნახველებს და თანამშრომლებ

,,psp”-ს ახალ კლინიკა NEW HOSPUTALS-ში ვერ შეაღწევ, თუ პაციენტი არ ხარ. ამაში კლინიკის შესასვლელშივე დარწმუნდებით, სადაც ანკეტას ხსნიან და სათანადო თანხის გადახდასაც გთხოვენ. თუმცა, ზოგ განყოფილებაში ეს წესი არ ვრცელდება და კონსულტაციის ან სხვა სახის მომსახურეობის საფასურს უშუალოდ შესაბამისი განყოფილების მისაღებში იხდი. მოკლედ, ქვითარი თუ არა, ანკეტა მაინც უნდა გქონდეს, რომ შენობის ,,ფოიეს” გასცდე. პროფესიული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით, კლინიკის დათვალიერება და რეპორტაჟის მომზადება მოვიწადინე. დაცვა და მიმღებში მყოფი გოგონა გადამეღობნენ, ვერ გაგატარებთ, სანამ ანკეტას არ აიღებ და ფულს არ გადაიხდიო. ვერც ჩემმა პროფესიამ მიშველა _ ,,psp”-ს ახალი კლინიკა ჩემთვის რამდენიმე დღის განმავლობაში აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. სხვა გზა არ მქონდა, ერთ დღეს, ერთ-ერთ პაციენტს გამოველაპარაკე, თავი მის თანმხლებ პირად გავასაღე და კლინიკაში ისე შევედი. პირველ სართულზე თვალის კლინიკაა. ყველაზე მეტი პაციენტი სწორედ აქ ჰყავთ. გრძელ რიგში ჩავდექი. პაციენტთა ნაწილი აქ პირველადაა, ნაწილს კი საოპერაციოდ ამზადებენ. არიან ისეთებიც, ვინც მეორედ მოვიდა და წუწუნებს _ პირველ ვიზიტზე, კონსულტაციაში 50-65 ლარი გადამახდევინეს და კიდევ მოსასვლელი გავხდიო. _ რომ დავრეკე, მითხრეს თვალზე გამოკვლევის გაკეთება 50 ლარი დაგიჯდება და ამაში 7 სახეობის კვლევა შედისო, _ წუხდა შუახნის ქალბატონი. _ მეც, ვიშოვე 50 ლარი და 4 დღის წინ მოვედი. ექიმმა ჩამხედა თვალში. მითხრა, მგონი, გლაუკომა გჭირს, მაგრამ დამატებითი კვლევების გაკეთებაც გჭირდებაო. დათვალეს და დამატებით, კიდევ დაახლოებით, 175 ლარი იყო საჭირო. პენსიონერმა ქალმა, 50 ლარი ძლივს მოვაგროვე, გამეხარდა, ამ თანხაში 7 სახეობის კვლევა თუ შედის, სხვა ფული აღარც დამჭირდება-მეთქი. 175 ლარის ხსენებაზე კი, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, მაგრამ რაღას ვიზამდი, გადახდილ 50 ლარსაც წყალს ხომ არ გავატანდი? _ ასე იციან ექიმებმა, შეგიტყუებენ და მერე გწველავენ _ გამოელაპარაკა მეორე ქალბატონი, _ აბა, თავიდანვე რომ ეთქვათ 200-300 ლარი დაგჭირდებაო, ხომ არ მოხვიდოდი? მე ქმარს ვუკეთებ კატარაქტის ოპერაციას და 1 140 ლარი გადამახდევინეს. გამოკვლევებიანად _ 1 500 ლარამდე დაგვიჯდა.

_ რა ამბავია? 20 წუთში კეთდება ეგ ოპერაცია! სხვაგან 400-800 ლარი ღირს! _ გააპროტესტა იქვე მდგომმა ახალგაზრდა ქალბატონმა.

_ აქ ასეა და თუ არ გინდა, თოკით არავინ გექაჩება. მე სხვაგან მინდოდა მიმეყვანა საოპერაციოდ, მაგრამ ჩემმა ბიჭმა არ ქნა.

_ მერე, კატარაქტა რა ვერაგი დაავადებაა, მეორე თვალზეც უცებ იცის გადასვლა. გამოდის, სიბერეში ადამიანმა რომ დაინახოს, 3000 ლარი მაინც უნდა ჰქოდეს გადადებული. ამათ სინდისი სად აქვთ?!

_ სინდისი რომ ჰქონდეს, ამ კლინიკის და ამხელა ფულის პატრონი კი არ იქნებოდა, _ ქუთაისური აქცენტით რეპლიკა ისროლა ახალგაზრდა მამაკაცმა. კუთხეში მჯდომი მოხუცი ქალბატონი გულდაგულ აკვირდებოდა თეთრხალათიანებს, რომლებიც დროდადრო, კაბინეტებიდან გამოდიოდნენ და საქმიანი იერით დადიოდნენ დერეფანში. გაკვირვებულმა მოხუცმა თავი ვეღარ შეიკავა და რიგში მდგომთ ჰკითხა:

_ კი, მაგრამ აქ სულ ასე პატარა გოგო-ბიჭები მუშაობენ, თუ იცით?

_ მეც მაგას ვაკვირდები კარგა ხანია. ეტყობა, სულ ასეთი ახალგაზრდა ექიმები ჰყავთ,

_ მიუგო საშუალო ასაკის მამაკაცმა.

_ პრაქტიკანტები მეგონენ. ამათმა რა უნდა გაიგონ, რა მჭირს? _ აშკარად უკმაყოფილო იყო მოხუცი ქალბატონი.

_ აბა, რა ვიცი, ქალბატონო. ისე, ამხელა საავადმყოფოში უვიცებს ხომ არ დანიშნავდნენ? მაღალი ფასებისა და ახალგაზრდა ექიმების გარდა, პაციენტები უკმაყოფილებას იმის გამოც გამოხატავდნენ, რომ შენობაში მნახველებისა და თავმდგომების შემოშვება იკრძალება.

_ იქნებ, რა მჭირდება და მიჭირს. თუ ფული არ მაქვს, შვილს ვერ შემოვიყვან?! 50 ლარი ღამეში რა ამბავია? _ საკმაოდ ხმამაღლა მოუვიდა გაპროტესტება ხანშიშესულ ქალს.

_ აბა, აბა _ კვერი დაუკრა გვერდით მჯდომმა არაქართული გარეგნობის მქონე ქალბატონმა, რომელსაც თან 6 პირი ახლდა _ ჩვენიანი საავადმყოფოში რომ მოხვდება, მთელი ნათესაობა მივდივართ სანახავად. _ არც ქართველები ჩამოვრჩებით მაგ საკითხში, _ თქვა საშუალო ასაკის ქალბატონმა, _ შარშან ჩემმა ბიჭმა ოპერაცია გაიკეთა და თუ ვინმე იცნობდა, თითქმის ყველამ ნახა. აბა, ახლა ამათ ადამიანობა აქვთ? არც მნახველებს უშვებენ. თან შემოგიტყუებენ და ,,გწველიან”, _ დაესესხა გვერდით მჯდომს განრისხებული ქალი. საავადმყოფოში ,,პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების მოქცევის წესები” ყველა განყოფილების მისაღებში მაგიდაზე დევს. როგორც ირკვევა, პაციენტთან თავმდგომი პირები დღისით პალატაში არ დაიშვებიან. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, მხოლოდ ერთი თავმდგომი პირის ღამით (21:00_09:00 სთ) დარჩენა 50 ლარი ღირს. არსებობს გამონაკლისი _ უფასოდ დარჩენა პალატაში მხოლოდ ერთ თავმდგომს და ისიც მხოლოდ არასრულწლოვან პაციენტთან შეუძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ თავმდგომი არ შეიძლება იყოს დეიდა, ბიცოლა, და… პაციენტთან დარჩენის უფლება აქვს მხოლოდ დედას ან მამას. ოპერაციის ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების დღეს, არ შეიძლება პაციენტს ერთზე მეტი ვიზიტორი ახლდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტთან მნახველები საერთოდ არ დაიშვებიან. დეტალების დასაზუსტებლად მიმღებში მჯდომ ადმინისტრატორს გავესაუბრე:

_ რატომ არ შეიძლება თავმდგომი პირი ჰყავდეს პაციენტს?

_ 16 წლამდე შეიძლება, ისიც ერთ-ერთი მშობელი.

_ იქნებ არ ჰყავს მშობელი, ან უცხოეთშია წასული, ან არ სცალია?

_ მე რა გითხრათ, ასე დააწესა ადმინისტრაციამ. მსგავს შემთხვევას, ალბათ, ადმინისტრაცია განიხილავს.

_ დღის საათებში რატომ არ შეიძლება თავმდგომი პირის პალატაში ყოფნა?

_ არ არის საჭირო. სანიტრები და ექთნები მიაქცევენ ყურადღებას.

_ მნახველებმა საკვები და საჭირო ნივთები რომ მომიტანონ, ცოტა ხნითაც არ შემოუშვებთ პალატაში?

_ არა! მათ შეუძლიათ მედდას გამოატანონ თქვენი ნივთები.

_ პალატაში პაციენტის ყოფნა ოპერაციის თანხაში შედის?

_ არა. ერთი დღე-ღამე 100 ლარი ღირს. თუ ღამით თავმდგომი გსურთ, ამას ღამეში 50 ლარი დაემატება. კლინიკის დათვალიერება განვაგრძე. ბოლო, მესამე სართულზე საოპერაციოები და ექიმთა სამუშაო კაბინეტებია განლაგებული. ყველა სართულზე რამდენიმე სათვალთვალო კამერა დგას. მიუხედავად ამისა, პერსონალთან გასაუ-ბრება მაინც მოვახერხე _ დერეფანში სანიტარ გოგონას გამოველაპარაკე, მუშაობის დაწყება მინდა და პირობები მაინტერესებს-მეთქი.

_ მინდა ექთნად ან სანიტრად ვიმუშაო, მაგრამ მგონი, კარგი პირობები არ უნდა იყოს: მითხრეს, რომ ხელფასი დაბალია. თანაც, თურმე პერსონალს საკვების სახლიდან მოტანა ეკრძალება. არადა, დიაბეტი მაქვს და საათობით უნდა ვჭამო.

_ ზოგჯერ შეგვიძლია სახლიდან მოვიტანოთ. უბრალოდ, ეს სისტემატიურად არ უნდა მოხდეს. კი არ გვიშლიან, ყოველდღე მაინც ვერ მოიტან რაღაც კერძს. მით უმეტეს, აქ ჭამა გვეკრძალება _ 1-დან 2 საათამდე სასადილოში უნდა ჩავიდეთ და იქ ვჭამოთ. ექიმებმაც აუცილებლად სასადილოში უნდა მიირთვან. თავზე ახალგაზრდა ექთანი წაგვადგა. რა ხდებაო, იკითხა და გადამამისამართა _ თუ Uრამის გარკვევა გინდა, ადმინისტრაციაში იკითხეო. მაინც არ დავყარე ფარ-ხმალი და სანიტარს ჩავეძიე, სანიტრებსა და ექთნებს როგორი ანაზ-ღაურება გაქვთ-თქო? ექთანი აშკარად გაბრაზდა. რაში გაინტერესებთ, რა გინდათო? _ საკმაოდ ხმამაღლა დაიყვირა, სანიტარს ხელი წაავლო და იქვე, ოთახში შეიყვანა. გეზი სასადილოსკენ ავიღე. ერთი შეხედვით, ფასები არც ისე მაღალია, თუმცა ულუფა იმდენად მცირეა, რომ დასანაყრებლად ერთი სახეობის საკვების მიღება საკმარისი არ არის. ,,თეთრ ყვავს” რომ არ დავმსგავსებოდი, ერთი ლობიანი და ჭიქა წვენი ვიყიდე. 2 ლარი და 60 თეთრი გადავიხადე და მაგიდას მივუჯექი. გვერდით მაგიდასთან 6 ექიმი ზის. მადიანად მიირთმევენ და თან საუბრობენ.

_ რას იტყვით, მშვენიერი კაფეა, არა?

_ ეკითხება ახალგაზრდა ექიმი თანამშრომლებს.

_ კაფე კი კარგია, მაგრამ თვეში მინიმუმ 100-150 ლარს აქ ვტოვებ.

_ სამაგიეროდ, სისუფთავეა და არც ცუდად ამზადებენ.

_ ეგ კი, მაგრამ დღეში ორჯერ თუ მომიწიოს აქ ჩამოსვლა, იმდენი ფული დაიხარჯება… სახლიდან რომ წამოვიღო, რა აზრი აქვს? _ კაბინეტში ვერ შევჭამ. აქ რომ ჩამოვიტანო, მერიდება. პაციენტმა ან უფროსობამ რომ დამინახოს, რას იტყვიან? უხერხულია! არადა, მარტო იმისთვის ხომ არ ვმუშაობ, ხელფასი აქ დავტოვო?

_ აბა, შენ ეგ თქვი, _ დაეთანხმა კოლეგა. მაგიდებს თვალი გადავავლე. თითქმის ყველა ცარიელი იყო _ ან ცუდი დრო დაემთხვა, ან სასადილოში ჩასვლის უფლებას საკუთარ თავს, NEW HOSPUTALS-ის თანამშრომლები ხშირად ვერ აძლევენ. ისედაც ,,გატყავებულ” პაციენტებზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია.

ნინო ხარშილაძე

წყარო: გაზეთი „ვერსია“

http://www.versia.ge/index.php/component/content/article/16-2009-04-15-13-21-23/1296-2012-02-15-15-45-50.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: