კარ-ფანჯრის გამოცვლის ნებართვის მისაღებად კრების ოქმი აღარ დაგჭირდებათ

11 Feb

რა შემთხვევაში დაგიჯდებათ კონდენციონერის დაყენება 10 000 ლარი

თბილისელები ხშირად წუწუნებენ, რომ კარ-ფანჯრის გამოცვლისას, ან კონდენციონერის დაყენების დროს პრობლემებს აწყდებიან _ ზაფხულის შემდეგ მათ სპეციალურ ნებართვას სთხოვენ. დედაქალაქის მერიაში, ყველაზე მეტი ხალხია #7 ოთახის წინ, სადაც მოქალაქეებს მშენებლობასა და მიწის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სცემენ პასუხებს. ამ ოთახის კარზე, ორიგინალური და უცნაური წარწერაცაა გამოკრული, რომელიც გვამცნობს, რომ კონსულტაციის პროცესის ვიდეოჩაწერა ხდება. კონსულტაციის დაწყებამდე კი, მოქალაქემ თავისი ვინაობა (სახელი და გვარი) ხმამაღლა უნდა დაასახელოს. კონსულტანტთან საუბრისას გავარკვიე, რომ არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილ ნებართვას უპრობლემოდ აიღებთ და დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე შეცვლით კარ-ფანჯარას, თუ მათი ზომების შეცვლა არ გაქვთ განზრახული. სხვა შემთხვევაში კი, ნებართვის მისაღებად უნდა წარადგინოთ: ბინის ფოტო, სასურველი ზომისა და ფორმის კარ-ფანჯრის ფოტომონტაჟი და ამხანაგობის კრების ოქმი. ამ საბუთების ჩაბარების შემდეგ, 5 სამუშაო დღეში გაიგებთ, გაქვთ თუ არა კარ-ფანჯრის შეცვლის უფლება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნებართვას უსასყიდლოდ მიიღებთ. რაც შეეხება კონდენცირებას _ თუ თქვენი სახლი ცენტრალურ მაგისტრალზე დგას, უმჯობესია, კონდენციონერი არა წინა ფასადზე, არამედ შიდა ეზოს მხრიდან დაამონტაჟოთ. ,,ვერსია” დაინტერესდა, რატომ არის აუცილებელი ამ საბუთების წარდგენა და რატომ იწერენ საუბარს კონსულტაციის დროს. ამის გასარკვევად თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსს არისი ბოჭოიძეს ვესაუბრეთ:

_ ბატონო არისი, საქართველოს მთავრობის #57 დადგენილებაში 2011 წლის 12 აგვისტოს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო საქმიანობის საწარმოებლად ახალი წესების გათვალისწინებაა საჭირო. რატომ გართულდა კარ-ფანჯრის გამოცვლისა და კონდენციონერის დაყენების პროცესი?

_ კი არ გართულდა, პირიქით _ გამარტივდა. სწორედ მაგ მიზნით შევიტანეთ ცვლილებები. ეს ეხება არა მარტო კარ-ფანჯარას, არამედ ყველაფერს, რასაც მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჰქვია. მობინადრეს, რომელსაც არ ჰქონდა ყრუ კედელი და იქ კარის გაჭრა სურდა, ადრე სჭირდებოდა მშენებლობის ნებართვა. პროექტი არქიტექტურის საქალაქო სამსახურისთვის უნდა შეეთანხმებინა. ნებართვას კი 20 სამუშაო დღეში აიღებდა. ახლა ეს ყველაფერი გამარტივდა. მობინადრეს მოაქვს არსებული ბინის სურათები, თვალსაჩინოებისთვის, რომ აქ არის ნამდვილად კედელი და ფოტომონტაჟი, როგორი იქნება ის კედელი კარისა თუ ფანჯრის დაყენების შემდეგ. ჩვენი სამსახური 5 სამუშაო დღეში, სრულიად უფასოდ გასცემს ნებართვას.

_ ანუ, თუ უბრალოდ, ძველი კარ-ფანჯრის გამოცვლა უნდა ადამიანს, ნებართვა არ სჭირდება?

_ თუ არსებული კარ-ფანჯრის ზომებს არ ცვლის (პლუს-მინუს 10 სმ), არანაირი ნებართვა, თანხმობა და არც მერიის არქიტექტურის სამსახურში მომართვა სჭირდება. თვითონვე შეუძლია გამოცვალოს, ოღონდ, შენობა არ უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მაგრამ თუ შენობა ძეგლია და მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მეპატრონე კარ-ფანჯარას თვითნებურად ვერ გამოცვლის _ მას, ყველა ვარიანტში, სჭირდება ნებართვა.

_ ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, სახლი რომელ უბანში დგას?

_ უბანს მნიშვნელობა არ აქვს.

_ ფოტოსურათების გარეშე კრების ოქმი და მობინადრეთა 1/3-ის თანხმობა საჭირო არაა?

_ კი, ეს მოთხოვნა ამჯერად არის, თუმცა პარლამენტში შედის ცვლილება, რომელიც 1-ლი მოსმენით უკვე გავიდა _ მალე, საბუთებზე კრების ოქმის დართვა საჭირო აღარ იქნება.

_ თუ მობინადრე ფანჯრის ზომებს მკვეთრად ზრდის, ნებართვას მაინც მისცემთ?

_ თუ ის ქალაქის იერსახეს არ ამახინჯებს და არსებულ განაშენიანებაში ჯდება, თანხმობას მივცემთ. სხვა შემთხვევაში, თანხმობას ვერ გავცემთ.

_ თუ მობინადრემ თვითნებურად გამოცვალა კარ-ფანჯარა ან დაამონტაჟა კონდენციონერი, დააჯარიმებთ?

_ ამ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური, რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს, გააფრთხილებს მას. მისცემს ერთი ან ორი თვის ვადას, რათა არსებული დარღვევა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

_ ეს პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 10000 ლარის გადახდაა?

_ გააჩნია, თუ უნებართვო მშენებლობაა, მაშინ 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

_ 10 000-ლარიანი ჯარიმა კარ-ფანჯრის გამოცვლაზე, კონდენციონერის დამონტაჟებაზეც ვრცელდება?

_ მე ვიცი, რომ უნებართვო მშენებლობაზე 10000-ლარიანი ჯარიმაა. თუ კარ-ფანჯრის გამოცვლის ნებართვა არ ექნება და ზომებიც მკვეთრად იცვლება, მაშინ ესეც უნებართვო მშენებლობად ითვლება.

_ ბევრი ამბობს, რომ ფოტომონტაჟის გაკეთება და სურათების გადაღება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და 100 ლარამდე ჯდება. ესაა პროცესის გამარტივება?

_ აქამდე მთელი ბინის პროექტის წარდგენა იყო საჭირო. ამ დოკუმენტის გაკეთება უფრო რთულიც იყო და უფრო ძვირიც. ზოგადად, 10000-ლარიანი ჯარიმაც ყოველთვის იყო. გაუგებარია, რატომ დაიწყეს საუბარი, თითქოს აქ რამე ახალია. უნებართვო მშენებლობაზე 10 000-ლარიანი ჯარიმა 2006 წლიდან არსებობს.

_ საინტერესოა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები უბან-უბან დადიან და ამ ყველაფერს ამოწმებენ?

_ რასაკვირველია, ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა.

_ კონსულტაციის დროს ვიდეოჩაწერა მიდის, რატომ?

_ მონიტორინგს ვაწარმოებთ, რათა კონსულტაცია კვალიფიციური იყოს. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული. ამას პირადად ვაკონტროლებ. თუ ვხედავ, რომ ჩემი თანამშრომელი მოქალაქეს კონსულტაციას არასწორად უწევს, ვიბარებ და მითითებებს ვაძლევ, რათა იგივე შეცდომა აღარ დაუშვას.

ნინო ხარშილაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: