სექტემბერში გველები კიდევ უფრო მომრავლდება!

19 Jan

როგორ უნდა მოვიქცეთ დაგესვლის შემთხვევაში?
წელს, საქართველოში გველით დაკბენის შემთხვევები გახშირდა. გიურზას ნაკბენმა 3 წლის ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა. გველი აღმოჩნდა თბილისში, საბურთალოზე, სასმელი წყლის ონკანშიც. იმასაც ამბობენ, რომ წელს საქართველოში იმაზე მეტი გველია, ვიდრე ადრე იყოო. ცხადია, ,,ვერსია” გველების მომრავლების მიზეზით დაინტერესდა და ილიას უნივერსიტეტთან არსებული ზოოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჰერპეტოლოგ დავით ბეკოშვილს დაუკავშირდა.
_ ,,ბატონო დავით, გველების მომრავლება რისი ბრალია?
_ აქ რამდენიმე მიზეზია _ კლიმატი და სოფლების დაცარიელება. გველები მიტოვებულ ადგილებში მრავლდება, რადგან იქ მისთვის საჭირო საკვებია, მოგეხსენებათ, მღრღნელებით იკვებება. ადრე თუ მოსახლეობა გველებს ხოცავდა, ახლა თავისუფლად დაპარპაშებენ მიტოვებულ სახლებში.
_ კლიმატი წელს ხომ არ შეცვლილა ან სოფლები ბოლო ერთი წელი ხომ არ დაცარიელებულა?
_ ადრე გველების არსებობას ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი ამას დიდი ყურადღება ექცევა და სწორედ ამის ბრალია, ამდენი რომ ჩანს. ადრე გველს მოკლავდა გლეხი და დამთავრდებოდა ყველაფერი. თანაც სპეციალური სამსახურები არსებობდა, რომელიც გველებს იჭერდა, ახლა ჰერპეტოლოგებიც აღარ არსებობენ, საქართველოში ერთადერთი ჰერპეტოლოგი მე დავრჩი.
_ მიწისძვრებიც გახშირდა, გველების მომრავლების მიზეზი, ესეც ხომ არ არის?
_ არა. მიწისძვრები არანაირ კავშირში არ არის გველების მომრავლებასთან.
_ რა შემთხვევაში მრავლდება გველი ამა თუ იმ ადგილას?
_ სადაც კარგ პირობებს ნახავს, საკვები ექნება და მეწყვილე ეყოლება, იქ ბინადრობს და მრავლდება. ძირითადად, მღრღნელებით იკვებებიან.
_ გველებს ე.წ ქორწინების (გამრავლების) პერიოდი მაის-ივნისში ჰქონდათ, როცა ისინი განსაკუთრებით აგრესიულებიც არიან. სექტემბერში კი, ე.წ. შობადობის დრო აქვთ, გამოდის, შემოდგომაზე უფრო მეტს უნდა ველოდოთ?
_ კი, პატარა გველებს უფრო მეტს უნდა ველოდოთ.
_ საქართველოში რომელი სახეობის გველია, რომლის შხამიც მომაკვდინებელია?
_ არც ერთი, მომაკვდინებელი მარტო გიურზას შხამია, ზოგადად კი, საქართველოში შხამიანი გველებია: კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, მაგრამ მათი დაკბენით მკვდარი ადამიანი ცნობილი არ არის. გიურზასთან შედარებით, მათი შხამიც ნაკლებად ტოქსიკურია. არის კიდევ სხვა შხამიანი გველები, მაგალითად, კატისთვალა გველი და ხვლიკიჭამია გველი, რომელთაც შხამიანი კბილები ყბის ქვედა ნაწილში აქვს განლაგებული, პირში თითი თუ არ ჩაუყავი, ვერ დაგკბენს.
_ ძირითადად, სად ბინადრობს გიურზა?
_კახეთის მხარეს, ვაშლოვანის ნაკრძალში, დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე, მარნეულის მხარეს, თეთრიწყაროს რაიონში, ხრამის ხეობაში, მტკვრის მიდამოებში. თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სოლოლაკსა და კრწანისში.
_ ზოგი იმასაც ამბობს, რომ ეს ,,ბიოლოგიური ომია” და გველები უცხო ქვეყნებიდან გადმოსვეს.
_ თუკი ასეთი რამ მოხდა, პირველი მე მეცოდინებოდა, ეს გველები განსხვავებულები იქნებოდნენ. გიურზა ერთ-ერთი ძვირფასი ქვეწარმავალია, რომლის ერთი გრამი შხამი 5000 დოლარი ღირს და ძვირფასი მედიკამენტები მზადდება. მას ვინ შეელეოდა და გადმოსვამდა”?! როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმ შემთხვევაში, თუკი მას გველმა უკბინა და რატომ არ შეიძლება ხალხური მედიცინის საშუალების გამოყენება დაგესვლის შემდეგ, ამის გასარკვევად თსუ-ს წმინდა მიხეილის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური სამსახურის უფროს, ექიმ-ტოქსიკოლოგ სოსო კუტუბიძეს ვესაუბრეთ. _ ,,პირველ რიგში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა დაწვეს, გარდა ალკოჰოლური სასმელისა, ჭარბი რაოდენობით უნდა მიიღოს სითხეები და აუცილებლად მიმართოს ექიმტოქსიკოლოგს.
_ დაგესვლის შემთხვევაში, ხშირად ხალხურ მედიცინას მიმართავენ _ დასერვა, შხამის ამოწოვა, ლახტის გადაჭერა, რამდენად მართებულია ამის გაკეთება?
_ ეს კატეგორიულად აკრძალულია, მოსახლეობას ვურჩევ, თავი დაანებონ ხალხურ მედიცინას და ექიმს მიმართონ. გაკეთდეს თუ არა შრატი, ესეც ექიმმა უნდა განსაზღვროს, რადგან ზოგჯერ არ არის გიურზას ნაკბენი და მაინც უკეთებენ ანტიგიურზინს, რამაც, შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. დიდი შანსია, ანაფილაქსური შოკი განვითარდეს. ანტიგიურზინის გაკეთებას სპეციალური მომზადება და ცოდნა სჭირდება.
_ თუ ადამიანს სხვა გველმა უკბინა, რა ზომებს უნდა მიმართოს?
_ შხამი ყველა ქვეწარმავალს გააჩნია, მხოლოდ სიძლიერით განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში მხოლოდ გიურზას დაგესვლის შემთხვევაშია საჭირო შრატი, დანარჩენი ქვეწარმავლის დაგესვლა ექვემდებარება მხოლოდ მკურნალობას და მომაკვდინებელი არ არის, ამიტომაც ექიმმა უნდა განსაზღვროს, ადამიანს რომელმა გველმა უკბინა.
_ რატომ არ შეიძლება გველის მიერ დაგესლილი ადგილის დაჭრა, ლახტის დადება ან ამოწურვა?
_ დასერვისას შხამი მაინც არ ამოვა. ლახტის დადებისას, ფართობის მცირე ერთეულზე დიდი რაოდენობის შხამი ერთ ადგილას დაგროვდება და უარეს შედეგს გამოიწვევს, კერძოდ კი, კიდურზე კუნთების ნეკროზს, ამიტომაც სჯობს, ეს შხამი გაიფანტოს. ამოწოვა კი უნდა მოხდეს ისეთი ადამიანის მიერ, ვისაც პირის ღრუ აბსოლუტურად ჯანმრთელი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, მან უფრო მეტი დაზიანება მიიღოს, ვიდრე თვით დაგესლილმა. ისე კი, ამოწურვა ჩვეულებრივი მიღებული მეთოდია. არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია შხამის ამოწურვა, მაგრამ ყოველთვის სასურველია, ექიმს მიმართონ.
_ გველმა დასავლეთ საქართველოშიც, ვანში დაკბინა ახალგაზრდა მამაკაცი.
_ დასავლეთ საქართველოში გიურზა არ არსებობს. გამორიცხულია. ეს სხვა გველი იქნებოდა.
_ დაგესვლიდან რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს ანტიგიურზინი?
_ 2-3 საათი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ანტიგიურზინი გაკეთდეს. ლეტალური შედეგი კი იმაზეა დამოკიდებული, სად უკბინა… სახესა და თავთან ახლოს თუ არის ნაკბენი, ლეტალური შედეგი უფრო ჩქარა დგება.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: