როდის დაუკანონებს ხელისუფლება სოფელ დიღმის მოსახლეობას საკუთრებაში გადაცემულ მიწებს?

19 Jan

,,სოფელი გაჩერებას არ აპირებს, თუ ეს პრობლემები ადგილზე არ მოგვარდება, ზედა ეშელონებს მივმართავთ”!

მას შემდეგ, რაც სოფელი დიღომი მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტს ჩამოერთვა და ვაკესაბურთალოს რაიონის გამგეობას მმართველობაში გადაეცა, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. კერძოდ, მიწებზე, რომელიც 1992-93 წლებში მიწის რეფორმის ფარგლებში, მათ საკუთრებაში გადაეცათ, ეუბნებიან, რომ მათი საკუთრება არ არის. მოსახლეობა თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვს. რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის, თბილისის საკრებულოს წევრის თინათინ ხიდაშელის განმარტებით: ,,სოფელ დიღომს არა მარტო მიწის საკუთრებაში გადაცემის პრობლემა, არამედ სოციალური პრობლემებიც უხვადა აქვს. სოფელს სასმელი წყლისა და გზის პრობლება და ასევე, საბავშვო ბაღში არსებული ანტისანიტარიაც აწუხებს. ჩვენ მოვითხოვეთ საკრებულოს წევრებთან შეხვედრა. პირადად მე, ორი წერილი გავუგზავნე სოფელ დიღმის მაჟორიტარს, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება მოთხოვნას არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ გზის შეკეთება სოფელ დიღომში მალე დაიწყებაო. დაიწყო, მაგრამ მალევე გაჩერდა. მეორე მთავარი პრობლემა, რაც სოფელ დიღმის მოსახლეობას გააჩნია, წლების წინ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებაა. კერძოდ კი, სანამ სოფელ დიღომს თბილისს მიუერთებდნენ, ეს საბუთები მცხეთის არქივში ინახებოდა, როდესაც თბილისს გადაეცა, საბუთები გაქრა, სხვათა შორის, იგივე პრობლემა აქვს გარდაბნის რაიონის შემოერთებულ სოფლებსაც. ამ დოკუმენტების მიღება-ჩაბარების დროს, როდესაც მცხეთის არქივიდან ეს ქაღალდები თბილისს გადაეცა, ამბობენ, რაღაც მოხდაო, ოღონდ რა მოხდა, არ ამბობენ, არც იმას ამბობენ, რომ ვიღაცას ამის გამო პასუხი მოსთხოვეს. შესაბამისად, დაზარალებული მოსახლეობა გამოვიდა, თბილისს პატარ-პატარა სოფლები შეუერთეს და ამ დიდ დოკუმენტაციაში პატარ-პატარა დოკუმენტაცია რომ გაიბნა, თურმე მოსახლეობამ უნდა აგოს პასუხი. იმ ფაქტს, რომ რეფორმის შედეგად მოსახლეობას მიწა ნამდვილად გადაეცა, ხელისუფლება არ უარყოფს და ამტკიცებს, რომ სოფელ დიღომში 700 მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადავეცითო. წერილი საჯარო რეესტრში გავაგზავნე და იქიდან 2 თვეში პასუხი მომივიდა, რომ 4 მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია, აქედან ერთი არის საპატრიარქოს საკუთრებაში, ერთიც _ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, მხოლოდ 2 მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული კერძო პირებზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სხვა მიწის ნაკვეთებს აწერია, რომ ის სახელმწიფო საკუთრებაა. მოვითხოვთ, ამ ადამიანებს დაუკანონონ ეს მიწის ნაკვეთები. ამ ადგილის ინტერესი ხელისუფლებას აქვს, რადგან იქ მიწას ფასი აქვს. სოფელ დიღმის მოსახლეობას მხოლოდ იმ ფართებს უკანონებენ, რაზეც სახლი აქვთ, დანარჩენი მიწის დაკანონებაზე უარს ეუბნებიან. არადა, მათ 1998 წელს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები აქვთ. თუ დედანი არ არსებობდა, ლოგიკურად, ასლი ვერ ექნებოდა ამ ადამიანებს. მოსახლეობა სახლებსაც ვერ იკანონებს, რადგან სახლი რომ დაიკანონონ, ისინი არაპირდაპირ თანხმობას აცხადებენ იმაზე, რომ ეზოს დაკანონება არ უნდათ”. ლამარა ჯანჯღავა, სოფელ დიღმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი: ,,2000 წლიდან დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ, თითქმის მთელი სოფელი დაზარალებულია _ მიწის დაკანონებას ვერ ვახერხებთ. 1800-1500 მეტრი მიწა რომ ჰქონდათ, არ უკანონებენ, ეუბნებიან, მხოლოდ იმ მიწას დაგიკანონებთ, რაზეც სახლი დგასო, დანარჩენში 1 კვმ-ში 15 ლარი უნდა გადაიხადოთო. დღემდე 569 ოჯახს გვატყუებენ. სოფელ დიღომში ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი არ არის გაკეთებული. დაზარალებულის სტატუსი მონიჭებული გვაქვს, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით მოვითხოვთ, 2 ადამიანს მაინც შეგვხვდეს დედაქალაქის მერი, 30 წუთი დაგვითმოს, რომ ჩვენი პრობლემა მოვახსენოთ. ასევე ვითხოვთ, კონტროლის პალატის შესვლას სოფელ დიღომში. შეისწავლოს, რა მდგომარეობაა იქ. სოფელი გაჩერებას არ აპირებს, თუ ეს პრობლემები ადგილზე არ მოგვარდება, უკვე ზედა ეშელონებსაც მივმართავთ”. ჯემალ თეთრაშვილი, სოფელ დიღმის მცხოვრები: ,,სახელმწიფო მიწის რეფორმა არამარტო სოფელ დიღომში, მთელ საქართველოში ჩატარდა და თითოეულმა მოსახლემ მიწის ნაკვეთები მიიღო. მიღება-ჩაბარების აქტის ასლები ყველა მოსახლეს აქვს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება მას კანონიერ დოკუმენტად არ თვლის, დედანზე კი თბილისის მერიაში გვეუბნებიან, დაიკარგაო. ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, სოფელი დოღომი თბილისს მიერთებოდა, მაგრამ ჩვენი აზრი არავინ გაითვალისწინა. თუ მიგვიღო და ჩვენი ქალაქელობა მოიწადინა ბატონმა უგულავამ, კეთილ ინებოს და, გვიპასუხოს, ან სოფელ დიღმის მოსახლეობა უარს იტყვის თბილისის მოქალაქეობაზე”. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ: ,,ამჯერად სოფელ დიღომში საკუთრების მოწმობა გაცემულია 422 პირზე, ხელშეკრულება გაფორმდა 372 პირთან. ახლა მიმდინარეობს მთავრობასთან შეთანხმება, ამ კვირაში, ახალი ხელშკრულება გაფორმდება 362 პირთან. ამჟამად რეგისტრაციის პროცესშია 700 ნაკვეთი. დღეს სოფელ დიღომში ამზომველები მუშაობენ, რათა მთელი ბაზა მოაწესრიგონ. სოფელ დიღომში 1400 მიწის ნაკვეთია ასაზომი და წლის ბოლომდე ეს პრობლემა მოგვარდება”.

ნინო ხარშილაძე

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: