,,ვფიქრობ, განათლების მინისტრმა ეს არ იცის…”

27 Dec

როგორ შეარჩია ,,მასწავლებელთა პროფ.განვითარების ცენტრმა” საგნის კონსულტანტები და რა ხარვეზებზე საუბრობს ისტორიის პედაგოგი?

საქართველოში ხომ ყველა ყველას ახლობელია, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში კონკურსებიც, ძირითადად, ნაცნობმეგობრობითა და ნეპოტიზმით ტარდება. შედეგიც სახეზეა. ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე თბილისის მასწავლებელთა სახლისთვის საგნის პედაგოგთა კონსულტანტების შესარჩევ კონკურსზე არსებულ დარღვევებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე გვესაუბრება:

_ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი თბილისის მასწავლებელთა სახლში პედაგოგთა კონსულტანტების თანამდებობებზე. თითქმის ყველა საგნის მასწავლებელს ეყოლება კონსულტანტი, რომელიც მათ პროფესიულ სრულყოფაში დაეხმარება. სტაჟი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ხელს მიწყობდა, ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი, ამიტომ საჭირო დოკუმენტაციას თავი მოვუყარე და ელექტრონული ფოსტით გავაგზავნე. კონკურსის პირველ ეტაპზე წერა უნდა ყოფილიყო, მეორეზე _ გასაუბრება. კი ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჩაწყობით ხდებოდა და შტატებიც ვიღაცებისთვის იქმნებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. გასაუბრებაზე მეც დამიბარეს. კომისიაში 3 კაცი იყო, მათ შორის ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი გია მამულაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს აკეთებდა. იგი, ძირითადად, ტელეფონზე საუბრობდა. კომისიის 2 წევრი ყველა საგნის კონკურსანტს ცდიდა. ბუნებრივია, გიჩნდება კითხვა, ორმა ადამიანმა ასე კარგად როგორ იცის ყველა საგანი, რომ გასაუბრებით ხვდება, არის თუ არა ის პროფესიონალი და უნდა მოხდეს თუ არა მისი არჩევა კონსულტანტად. ზოგადად, საკითხავ ლიტერატურას თან ვატარებ, ტრანსპორტში თვალს ვავლებ და უქმად დროს აღარ ვკარგავ. ამჯერად ნაბოკოვის ,,ლოლიტა” მქონდა ხელთ. ეს რა სახელმძღვანელოა, მკითხა ახალგაზრდა გამომცდელმა ქალბატონმა და უმალვე შემექმნა წარმოდგენა, მის ,,ინტელექტსა და პროფესიონალიზმზე”. მკითხეს მხოლოდ ჩემი ბიოგრაფია და როგორ ვაპირებდი ისტორიკოს მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას. დავრწმუნდი, რომ ,,შერჩევაკონკურსი” სრული აბსურდი იყო. სინამდვილეში, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მამამთავარსა და მის დამქაშებს, წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, ვის შეარჩევდნენ კონსულტატად. სხვაგვარად, შეუძლებელია, მხოლოდ ორი კითხვით გაარკვიო კონკურსანტის შესაძლებლობა და გამოცხადებულ ვაკანსიასთან მისი შესაბამისობა. 2526 წლის ადამიანებმა როგორ უნდა შეამოწმონ, ვინ შეარჩიონ და ვინ არა მასწავლებელთა მრჩევლად.

_ ხელფასი რამდენი იყო?

_ 2000 ლარი. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე საერთოდ ქაოსი იყო. შეცდომები იყო ქულების დათვლაში. მასწავლებელს 60 ქულა ჰქონდა, პასუხებში ეწერა 50 ქულა, სწორი პასუხები რომ დათვალეს და შეადარეს, მათ სწორ პასუხებს ემთხვეოდა, 60 ქულა უნდა ჰქონოდათ. მაია მიმინოშვილთან რომ მივიდნენ, უპასუხა, არ გაგიმართლათ, ცუდი გამსწორებელი გყავდათო. ზოგიერთს, მერე ვინც გაასაჩივრა, ქულა აუწიეს, მაგრამ თავად ეს გასაჩივრებაც საეჭვოა, რადგან 50 ლარი ღირს. სავარაუდოდ, შესაძლებელია, მასწავლებლებს სპეციალურად დააკლეს ქულები, ფული რომ შეეტანათ. ვისაც აუწევდნენ ქულას, თანხას უბრუნებდნენ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტა იყო. ნახეთ, რა ხრიკი იყო გამოყენებული _ გამსვლელი იყო 45 ქულა, უმრავლესობას 43-44 დაუწერეს, რითაც გასაჩივრებისკენ უბიძგეს. 

_ ჩემთან პირად საუბარში სახელმძღვანელოების გრიფირების დროს შექმნილი პრობლემაც ახსენეთ, აქ რა პრობლემა შეიქმნა?

_ მე 5-6 კლასის სახელმძღვანელოზე ,,ჩემი საქართველო” (ისტორია, გეოგრაფია) ერთმა გამომცემლობამ თანაავტორობა შემომთავაზა. გრიფირების კონკურსში მონაწილე გამომცემლობებს თითოეულ წიგნში 2000 ლარი ჰქონდა გადასახდელი. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ,,ჩემი საქართველო” მხოლოდ ,,ლოგოს პრესს” დაუმტკიცდა. წესია ასეთი, უნდა განმარტონ, სახელმძღვანელო რატომ დაგიწუნეს

_ ყველამ ერთი და იგივე დასკვნა მიიღო, სადაც ეწერა, რომ რუკა არის დიდი, ტექსტი პატარა, დანომრილი არ არის უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თანაც, სანამ წიგნის დაბეჭდვას დავიწყებდით, სამინისტრომ პარამეტრები წინასწარ მოგვაწოდა და სწორედ იმ მონაცემებში ჩავჯექით. ჩვენ მათ პასუხზე შენიშვნები გავუგზავნეთ, მაგრამ აღარ მოუწერიათ.

_ როცა ამ ყველაფერს ღიად ამბობთ, არ გეშინიათ, სკოლიდან გაგათავისუფლონ?

_ზეწოლას არ გამოვრიცხავ. რატომღაც მგონია, რომ განათლების მინისტრმა კარგად არ იცის ის ხარვეზები, რაც მის უწყებაში ხდება და მინდა, ამას ყურადღება მიაქციოს, ხარვეზები დროულად გამოასწოროს. თუ აღმოჩნდება, რომ სამინისტროდანაც იგივე ზეწოლა წამოვიდა, მაშინ ყველაფერი ნათელია _ ე.ი. მასწავლებელი მართლა მონურ მდგომარეობაშია, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას. რატომღაც მგონია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყურამდე არ მიუღწევია ინფორმაციას, რა ხდება ე.წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, როგორი ,,ობიექტურობით” ტარდება ეს და სხვა მსგავსი კონკურსები. რამდენადაც სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი, მინისტრი დაინტერესებულია მსგავსი პრობლემების (ნეპოტიზმი, გარიგება…) აღმოფხვრით და თუ ასეა, მაშინ, იმედი მაქვს, ჩემ ინტერვიუსაც მოჰყვება სათანადო რეაგირება.

ნინო ხარშილაძე

წყარო: გაზეთი ვერსია

http://versia.ge/index.php/2009-03-16-12-31-57/901-2011-11-04-14-59-20.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: