უსახლკაროები თავშესაფარს ითხოვენ!

26 Dec

 

რას პასუხობს თბილისის მერია 4 000 ოჯახს

დღეისათვის, დედაქალაქში 4 000ზე მეტი უსახლკარო ოჯახია. ისინი უკვე წლებია, მერიისგან თავშესაფარს უშედეგოდ ითხოვენ. მათი ნაწილი თავშესაფრის მოთხოვნით პერიოდულად მერიისა და საკრებულოს წინ აქციებს მართავს.

ზინაიდა ბაბაიანცი: ,,8 თვის გათხოვილი, 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა დავქვრივდი. მეუღლე რკინიგზის სამინისტროში მუშაობდა, 4ტონიანი ,,სინკარი” დაეცა. თავის ქალა და ტვინი დაკრძალვის დღეს მომიტანეს. კახეთში ჩემი სახლი ჩამონგრეულია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში ბრძანდებოდა, შემპირდა, რომ სახლს შემიკეთებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაპირება ცარიელ სიტყვებად დარჩა. მას შემდეგ სად არ ვიყავი, მაგრამ არავინ დამეხმარა. სახლში რომ ავიდე, კიბეც არ აქვს, როგორც გარეთ წვიმს, ისე ჩემს სახლში. იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, ამიტომ თბილისში წამოვედი. მარტიდან სოციალური დახმარებაც შემიწყვიტეს. მიზეზი დღემდე არ ვიცი. მე და ჩემს 36 წლის ბიჭს ვირთაგვებთან ერთად, 3 კვადრატულ ოთახში გვძინავს, მე საწოლიც არ მაქვს. 2 თვის ბინის ქირა გადასახდელი მაქვს. ,,ხაზეიკა” უკვე ბინიდან მაგდებს, რა ვქნა, უკვე აღარ ვიცი. თბილისის მერი გიგი უგულავა 3ჯერ შემპირდა მიგიღებო, მაგრამ მომატყუა. იქნებ, მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს ჩემი გაჭირვება. შვილი ავადმყოფია. ხერხემალი და მარჯვენა ფეხი აწუხებს. ფსიქიური პრობლემებიც აქვს. ამ მთავრობამ აფხაზეთი როგორ უნდა დაიბრუნოს, როცა სოფელში ერთი ქართველი ქალისთვის სახლი ვერ შეუკეთებია. სოციალური აგენტი რომ მოვიდა, ფეხებში ვირთხა ეცა. სოციალური დახმარება რატომ შემიწყვიტეს, ვერ გავიგე. ადრე გარეთ ვვაჭრობდი და იმით ვიხდიდი ქირას, ახლა ესეც ამიკრძალეს”. ნათელა: ,,40 წელი მასწავლებელი ვიყავი და ახლა უსახლკაროდ სხვის კარზე დავრჩი. ერთადერთი შვილი გარდამეცვალა უცხოეთში, მის გადმოსასვენებლად პროცენტიანი ვალი ავიღე და უბინაოდ დავრჩით მე და ჩემი 9 წლის შვილიშვილი. ხან ვისთან ვარ მიკედლებული, ხან ვისთან. ახლა კი ყველა მეუბნება, წადიო. უკვე წლებია, მერიაში განცხადება მაქვს შეტანილი, მაგრამ ბინას არ მაძლევენ”. თინა მუკბანიანი: ,,უკიდურესად გაჭირვებული ვარ. 33 390 ქულა მაქვს. წლებია, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ვარ. ჩემი ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს არადა არ დაადგა საშველი. ინვალიდი შვილი და მეუღლე მყავს. უსახსრობისა და გაჭირვების გამო, შვილი და რძალი დამიავადმყოფდა და დამეღუპა. ოჯახი სახელმწიფო დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. ჩემი შვილიშვილი მე3 კლასშია და წიგნები არ მისცეს. თქვეს, გაგვითავდაო. უკვე მესამე თვეა, ბავშვი სკოლაში უწიგნოდ დადის”. ალექსანდრე შალამბერიძე, თავისუფალ ასოციაციათა კავშირი: ,,ეს ადამიანები უსახლკაროები არიან. დგანან მერიის აღრიცხვაზე და, კანონის შესაბამისად, წესით, მათ სახლები უნდა მიეცეთ. სამწუხაროდ, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ არის გამოყოფილი და ეს ადამიანები ქუჩაში არიან. ამასთანავე, ვითხოვთ, მერიამ ,,საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ” დააკმაყოფილოს და მათ თავშესაფარი მისცეს”. იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ეწევათ უსახლკარო ადამიანებს, რა კრიტერიუმებით მოხდება მათი თავშესაფარში მოხვედრის საკითხი, ,,ვერსია” თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას ესაუბრა: _ მერიას ბინათმშენებლობისა და საცხოვრებლით დაკმაყოფილების ძალიან სწორი მიზანმიმართული და ობიექტური პოლიტიკა აქვს. ამ ფაქიზი საკითხის ზერელედ და მარტივად გადაწყვეტა არ შეიძლება, როგორც კი მარტივად მივუდგებით საკითხს და ადვილად მივცემთ მათ საცხოვრისს, მაშინვე მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უბინაო გახდება. ემოციაზე გათვლილი პოზიციით, შესაძლოა, ადამიანებს საცხოვრებელთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დავუკარგოთ. ბევრმა იმის იმედით, რომ მერია მას ბინას მისცემს, ბანკში ჩადოს ან გაყიდოს ბინა და ქუჩაში დარჩეს. ეს კი უსახლკაროთა რიცხვს ერთიორად გაზრდის. ჩვენ სოციალური საცხოვრისის შერჩევის ძალიან ობიექტური მეთოდი გვაქვს. მარტო ის, რომ ადამიანებმა მოითხოვონ საცხოვრისი, ეს არ არის ერთადერთი დამადასატურებელი საბუთი იმისა, რომ მათ ჭერი არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური საცხოვრისისთვის უკვე რამდენჯერმე შევარჩიეთ ოჯახები და 54 ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გარკვეული შეცდომები მაინც დავუშვით. შემდგომში გაირკვა, რომ რამდენიმე ადამიანს ბინა და ფართი გაქირავებული ჰქონდა, ამიტომაც ეს არ არის ზერელედ და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. ნოემბერში, შვეიცარიელებთან ერთად, ახალბინათმშენებლობას ვიწყებთ. დაკმაყოფილება მოხდება ობიექტურად. ნებისმიერ ჟურნალისტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩაერთოს შერჩევის პროცესში.
_ მერიაში არის თუ არა უსახლკაროთა ბაზა და რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული ამ ბაზაში?
_ უსახლკაროთა მონაცემთა ბაზის დადგენა ძალიან რთულია. ვარკეთილში, სოციალურ საცხოვრისში უკვე დავაფიქსირეთ რამდენიმე ოჯახი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შესწავლის ობიექტი იყო და ვერ ვადგენდით, ჰქონდა თუ არა ბინა. ახლაც, ვარკეთილში არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც 120 კვადრატული ფართი გაქირავებული აქვს. ბინით დაკმაყოფილების მსურველთა განცხადების მონაცემთა 4000კაციანი ბაზა არსებობს, თუმცა გარწმუნებთ, რომ 3000ს, შესაძლოა, საცხოვრისი ჰქონდეს. 60%ზე მეტს რაღაც ფართი გააჩნია, მაგრამ მაინც ცდილობს გაფართოებას, მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ა.შ. ბინის მიღება რომ მარტივი გახდეს, ძალიან ბევრმა შვილმა, შესაძლოა, მშობელი სახლიდან გამოუშვას.
_ თქვენ ამტკიცებთ, რომ მათ დიდ ნაწილს ბინები აქვთ, არადა, წლებია, ასეთ აქციებზე თითქმის ერთი და იგივე სახეებია, რომელნიც გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ და საცხოვრისს ითხოვენ?
_ ისინი ჩართული არიან იმ სიაში, რომელსაც ჩვენ მომავალ წელს დავაკმაყოფილებთ. ამ საკითხს დეტალურად შევისწავლით და გადაწყვეტილებასაც ობიექტურად მივიღებთ.
_ ამ ეტაპზე, ბინით რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება?
_ 28 ოჯახი.

ნინო ხარშილაძე

წყარო გაზეთი ვერსია

http://www.versia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: